რუსულმა გამოცემა БИЗНЕС Online-მა თათრეთის რესპუბლიკის 2020 წლის საუკეთესო სპორტსმენად ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. გამოცემამ ჩვენებურის შესახებ ვრცლად დაწერა და მისდამი საქებარი სიტყვები არ დაუშურებია.
აღნიშნული სტატია გამოცემამ ორი სიტყვით დაასათაურა და მას უცვლელად გთავაზობთ - "ქართველი ჯადოქარი".
„დიდი ხნის განმავლობაში „რუბინს“ არ ჰყავდა ფეხბურთელები, რომელთა გამო გულშემატკივარს ტელევიზორის ჩართვა ან სტადიონზე მისვლა მოუნდებოდა. ქართველი ვუნდერკინდი ხვიჩა კვარაცხელია - სწორედ ასეთია. მისმა თამაშმა „რუბინის“ მიმართ ინტერესი დაუბრუნა, როგორც მედიას, ასევე ნეიტრალურ გულშემატკივრებს. წარმოუდგენელი დრიბლინგები, მნიშვნელოვანი გოლები, სახიფათო პასები, პენალტები, ლიდერობა, რუსეთის პრემიერლიგისა და ევროპული კლუბების მუდმივი ინტერესი. ხვიჩა 2020 წელს ყველაზე ნათელი წერტილი იყო კლუბში, რომელიც შედეგებით და ტიტულებით გულშემატკივრებს ვერ აღაფრთოვანებს.
კვარაცხელიას ყაზანში ჩასვლა „რუბინის“ უდიდესი წარმატებაა. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი მჭიდროდ ურთიერთობს ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელთან, რომლის თანამშრომლობა ყაზანურ გუნდთან უკვე ისტორიული ტრადიციაა. ყველა ქართველი „რუბინში“ მიდის. 2019 წელის ზაფხულში მან ზურიკო დავითაშვილი გადაიყვანა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სატრანსფერო ბაზარზე ხელმისაწვდომი ხვიჩა კვარაცხელიაც იყო. მოსკოვის „ლოკომოტივმა“ მას კონტრაქტი არ შესთავაზა, მწვანე შუქი აუნთო და მენეჯერმა „რუბინში“ მისი ტრანსფერი რამდენიმე დღეში მოაგვარა. „ლოკოს“ მწვრთნელი იური სიომინი თვალცრემლიანი დაემშვიდობა - მიხვდა, რომ კლუბმა დიდი შეცდომა დაუშვა და მომავალი ვარსკვლავი დაკარგა.
სხვა და სხვა წყაროს თანახმად, „რუბინმა“ 3 მილიონი ევრო გადაუხადა პრემიისა და საკომისიოს სახით კვარაცხელიას მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში თავისუფალი აგენტისა და ნიჭიერი ახალგაზრდას სტატუსით მივიდა, ეს რისკი იყო. თუმცა, საიმანოვმა ინვესტიცია ჩადო ქართველში და ფსონმა შედეგი გამოიღო. დღეს ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელზეც უარს რუსეთის პრემიერლიგის არცერთი გუნდი უარს არ იტყვის. ჩვენი ინფორმაციით, „რუბინმა“ უკვე მიიღო 10-15 მილიონიანი შეთავაზება რუსული გუნდებიდან. ბოლოს ხვიჩას აგენტმა თქვა, რომ „ტორინო“, „სასუოლო“, „ზალცბურგი“, „უდინეზე“ და „გენტი“ იჩენდნენ ინტერესს. „რუბინი“ კვარაცხელიას მინიმუმ 20-25 მილიონად შეაფასებს და მხოლოდ უმაღლესი დონის ჩემპიონატის გუნდს მიჰყიდის.
ხვიჩას დრიბლინგი და არასტანდარტული გადაწყვეტილებები აშფოთებს მეტოქეებს და მაყურებელი აღტაცებაში მოჰყვას. ყაზანში ტაქტიკური ჭადრაკითა და მუდმივი მებრძოლი ფეხბურთით დაღლილი გულშემატკივრები ქართველს სიყვარულის თვალებით შეჰყურებენ. ხვიჩამ დაუბრუნა რომანტიკული ფეხბურთის რწმენა, სადაც დახვეწილი პასის, ბრწყინვალე დრიბლინგის და ეშმაკური დარტყმის ემოციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი დახურული ზონა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელს გაუმართლა, რომ ლეონიდ სლუცკისთან მუშაობს, რომელიც აფასებს მოთამაშის საუკეთესო თვისებებს და მას არ ზღუდავს“, - წერს გამოცემა კვარაცხელიას შესახებ სტატიის იმ ნაწილში, რომელიც დათმობილი აქვს მის საუკეთესო სპორტსმენობას.
თუმცა, ამავდროულად, გამოცემა წლის საუკეთესო სპორტსმენს გულშემატკივრებში გამოკითხვის შედეგად ავლენს და იმავე სტატიაში ცალკე, ქართველი ქომაგებს შემდეგნაირად წარუდგინა:
„2020 წლის ბოლოს ხვიჩა იდნავ შეფერხდა. ჯერ კორონავირუსით დაინფიცირდა და ორი კვირის განმავლობაში თბილისში იზოლირებული იყო. მან ვერ შეძლო თავის ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში დახმარებოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში და მის გარეშე საქართველოს ნაკრებმა წააგო. „რუბინსაც“ თამაში მის გარეშე მოუწია. ზოგადად, ხვიჩას წარმატებული წელი აქვს - ნიშანდობლივია, რომ უკვე 19 წლის ასაკში მასზეა დამოკიდებული თამაში ეროვნულ ნაკრებშიც და კლუბშიც. წელს გარდაიცვალა „რუბინის“ პირველი ქართველი ვარსკვლავი მურად ზადიკაშვილი, რომელიც გუნდში 60-70-იან წლებში თამაშობდა. ხვიჩას მსგავსად, გულშემატკივარს ის ეფექტური თამაშით ახსოვდა. სიმბოლურია, რომ კვარაცხელიამ ახალ დონეს იმ წელს მიაღწია, როცა ზადიკაშვილი დავკარგეთ“, - წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ გულშემატკივართა გამოკითხვაშიც ქართველი ფეხბურთელი ლიდერობს და ხმის მიცემა აქ შეგიძლიათ. შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.