ავსტრალიის ღია პირველობა, დაგეგმილზე სამი კვირით გვიან, 8 თებერვალს დაიწყება. ეს ინფორმაცია ATP ტურმა გამოაცხადა, რომელმაც თავისი შევლილი კალენდარი გამოაქვეყნა. მასში სეზონის პირველი შვიდი კვირის განრიგია გადაკეთებული..
პირვანდელი განრიგით, ავსტრალიის ღია პირველობა 18 იანვარს უნდა დაწყებულიყო. მაგრამ კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ტურნირის სტარტმ მოგვიანებით გადაინაცვლა.
ATP ტურის მიერ კალენდრის შეცვლილი ვერსიის გამოქვეყნების მიუხედავად, ტურნირის ორგანიზატორებს ამის შესახებ, ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, პანდემიის გამო, უიმბლდონის ტურნირი არ გამართულა, საფრანგეთის ღია პირველობა კი, მაისის ნაცვლად, სექტემბერში ჩატარდა. კალენდრის შესაბამისად გაიმართა აშშ-ის ღია პირველობა.
ნიუ იორკსა და პარიზში, ტურნირის პერიოდში, სპორტსმენებს ჩაკეტილ აივრცეში უწევდათ ცხოვრება და მისი დატოვების უფლება მხოლოდ მაშინ ჰქონდათ, როცა სათამაშოდ უწევდათ გასვლა.
აღსანიშნავია, რომ შტატ ვიქტორიაში უკვე ზედიზედ 48 დღე გავიდა ისე, რომ კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, შტატის მთავარ ქალაქ მელბურნში, ბევრი შეზღუდვა მოქმედებს. ამასთან, ავსტრალიაში საერთაშორისო მგზავრომა მკაცრად არის შეზღუდული.
ATP-ს განცხადებით, ავსტრალიის ღიას მამაკაცთა საკვალიფიკაციო ტურნირი დოჰაში (ყატარი), 10-13 იანვარს ჩატარდება. ამის შემდეგ, ტურნირზე თამაშის უფლების მქონე ჩოგბურთელები მელბურნში გაემგზავრებიან, სადაც ორკვირიან კარანტინს გაივლიან.
ATP-ს სეზონს ორი ტურნირი გახსნის, რომელთაგან ერთი აშშ-ის დელრი ბიჩში (შტატი ფლორიდა) ჩატარდება, მეორე კი - ანტალიაში (თურქეთი). ორივე ტურნირი 5-13 იანვარს გაიმართება.