ლე მანის 24-საათიან რბოლის მრავალგზის გამარჯვებული და გამძლეობაზე რბოლებში (WEC) მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი „პორშე“ დიდ რბოლებს უბრუნდება. კომპანიამ გამოაცხადა, რომ WEC-ს და გამძლეობაზე რბოლების ჩრდილოამერიკულ ვერსიას, IMSA-ს სპორტული ავტომობილების ჩემპიონატს, 2023 წლის სეზონში დაუბრუნდება.
კომპანია ორივე სერიის ჰიპერ ავტომობილების სერიაში, LMDh (ლე მანს დეიტონა ჰაიბრიდ) პროტოტიპების კლასში ჩაერთვება. ცუფნჰაუზენელები ლე მანის 24-საათიან, სებრინგის 1000-მილიან და დეიტონას 24-საათიან რბოლებში ასპარეზობას გეგმავენ.
„LMDh კატეგორია, აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას იძლევა. ეს პროექტი პორშესთვის მეტად მიმზიდველია. გამძლეობაზე რბოლა, ჩვენი ბრენდის დნმ-ის განუყოფელი ნაწილია“, - ამბობს „პორშეს“ მტავარი აღმასრულებელი ოლივერ ბლუმე.
„პორშე“ ლე მანის პოპულარული რბოლის ყველაზე წარმატებული მონაწილე კომპანიაა. თუმცა WEC-ის სერიაში ზედიზედ სამჯერ ტრიუმფის შემდეგ, მისმა გუნდმა 2017 წელს წასვლა გადაწყვიტა. თუმცა „პორშე მოტორშპორტის“ ვიცე პრეზიდენტი ფრიც ენზინგერი იმედოვნებს რომ „პორშე“ დაბრუნბეისთანავე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
„ჩვენ ლე მანის 24-საათიანი რბოლაზე 19 გამარჯვება გვაქვს და ამერიკაშიც არაერთი დიდი რბოლის კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაგვიკავებია. LMDh კლასის მანქანით, ჩვენ ამ ტრადიციის გაგრძელება შეგვიძლია და ამას უსაშველოდ დიდი ხარჯების გარეშე გავაკეთებთ“, - ამბობს ენზინგერი.