კალათბურთი

13:53 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექა წივწივაძე: "კოტე ტუღუშისგან ბევრი ვისწავლე'

"კავკასია" სეზონისთვის ემზადება. გუნდთან ერთად უმატებს მთავარი მწვრთნელი ბექა წივწივაძეც. პრაქტიკა აუცილებელია. მონდომებაც. ლტოლვაც. ეს კომპონენტები ბექას ყოველთვის დიდი დოზით ჰქონდა. ჯერ - მოთამაშის კარიერის დროს და დღეს - უკვე მწვრთნელობაში.

რამდენიმე კითხვა ახალგაზრდა სპეციალისტს.

რომელი მწვრთნელისგან ისწავლეთ ყველაზე მეტი?

ბექა წივწივაძე: ძალიან ბევრ კარგ მწვრთნელთან მაქვს ნამუშევარი. ყველა გამოირჩეოდა საკუთარი, ინდივიდუალური სტილით. ეს ყოველთვის საინტერესო იყო. ლიტვაში, ისრაელში ვიმუშავე ოდედ კატაშთან, რომელიც ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. სხვადასხვა დროს - იგორ კოკოშკოვთან, ილიას ზუროსთან. ძირითადად, მაინც საქართველოში ვიყავი და, შესაბამისად, ქართველ მწვრთნელებთან მეტი დრო მაქვს გატარებული - მიხეილ კობეშავიძესთან, დავით უსტიაშვილთან, კოტე ტუღუშთან. კოტეს გუნდებში ყველაზე დიდი დრო გავატარე და, შესაბამისად, კოტესგან ყველაზე ბევრი ვისწავლე.

სამაგალითო მწვრთნელი.

ბ.წ: არ ვიცი ამ მწვრთნელის შიდა სამზარეულო და, რეალურად, როგორ მუშაობს ეს სპეციალისტი (თან, კარიერა ახალი დაწყებული აქვს), მაგრამ, ალბათ, მაინც შარუნას იასიკიავიჩუსი. ძალიან საინტერესო იყო როგორც მოთამაშე და უკვე საინტერესოა, როგორც - მწვრთნელი (ჟალგირისი, დღეს - ბარსელონა).

რას ითხოვთ საკუთარი თავისგან?

ბ.წ: სტაბილურობას, შრომას, ბევრ მუშაობას. მსურს, რომ სულ რაღაც ახალს ვიღებდე, ვსწავლობდე და წინ მივდიოდე. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი, თუმცა, მაქვს მოტივაცია და ეს, პირველ რიგში, კალათბურთის სიყვარულიდან მოდის.

ახალი გზა.

ბ.წ: მწვრთნელობა ყოველთვის მაინტერესებდა. როდესაც გადავრთე ჩემი ფსიქოლოგია მოთამაშიდან მწვრთნელზე, ძალიან ბევრი ნიუანსი სხვა კონტექსტში დავინახე. დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. საქართველოში მწვრთნელობა ბევრი მიზეზის გამო რთულია. უნდა შეისწავლო ბევრი ტაქტიკური სვლა, ცალკე - შეტევა, ცალკე - დაცვა. დიდი დრო უნდა დაუთმო მოწინააღმდეგის შესწავლასაც. მთლიანობაში, ძალიან ბევრი დეტალია. და, მაინც, ჩემი აზრით, მთავარი არის მოთამაშეებთან ურთიერთობა, ფსიქოლოგიურად მათი მომზადება სეზონისთვის, კონკრეტული მატჩისთვის. მსიამოვნებს, რომ ამ გზაზე ვარ.

"კავკასიის" პრეს-სამსახური

0.119773