ფეხბურთი

20:34 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ მიქაუტაძეს ბელგიაში მკაცრი სასჯელი გამოუტანეს

ბელგიური „სერენის“ ფეხბურთელი ჟორჟ მიქაუტაძე „მოლენბეეკთან“ წითელი ბარათის გამო დაისაჯა. ბელგიის საფეხბურთო კავშირმა მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა. აღსანიშნავია, რომ თავიდან 4-მატჩიანი სანქცია იქნა მოთხოვნილი, მაგრამ საბოლოოდ 3 შეხვედრაზე შეჯერდნენ.

გარდა ამისა, მიქაუტაძე 1 750 ევროთი დააჯარიმეს. ახალგაზრდა ფორვარდი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, წლის ბოლო მატჩს გამოტოვებს „დეინცესთან“ და ვერც 2021 წლის სასტარტო ორ შეხვედრაში ითამაშებს „ვესტერლოსთან“ და „ბრიუგეს“ 23-წლამდე გუნდთან.

„სერენს“ შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. შეგახსენებთ, მიქაუტაძე „მოლენბეეკთან“ მატჩის მიწურულს გააძევეს, მას შემდეგ, რაც მეტოქეს ნახტომისას ზემოდან ფეხი დააბიჯა.

19 წლის ჟორჟ მიქაუტაძეს ბელგიის პროქსიმუს ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი.

0.114586