გერმანული „დორტმუნდიდან“ ლუსიენ ფავრი დაითხოვეს. 63 წლის შვეიცარიელი სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი ბოლო ხანს წარუმატებელი შედეგები გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა პირველი ადგილით მოახერხა, ბუნდესლიგაში არასტაბილურია, ბოლო 5 მატჩიდან სამჯერ დამარცხდა, ხოლო გუშინ საკუთარ მოედაზე „შტუტგარტთან“ შერცხვა (1:5). „ყვითლები“ 19 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.
ფავრი „ბორუსიას“ 2018 წლიდან წვრთნიდა. მას დროებით 38 წლის ედინ ტერზიჩი შეცვლის, რომელიც შვეიცარიელის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და 23-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო.
აღსანიშნავია, გერმანული მედიის ვარაუდით, ტერზიჩი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას სეზონის ბოლომდე შეასრულებს, ზაფხულში კი დორტმუნდელები „გლადბახის“ მთავარ მწვრთნელ მარკო როზეს მიიწვევენ.