კალათბურთი

15:02 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დავით როგავას წარმატებული დებიუტი

“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავით როგავას დებიუტი წარმატებული გამოდგა. მას შემდეგ, რაც კლუბმა სუპერლიგა 6 მატჩიდან 5 წაგებით დაიწყო, მთავარი მწვრთნელისა და ოლიმპელთა გზები გაიყო. დიმიტრი ჯაკობოვის ადგილი მისმა ასისტენტმა, დავით როგავამ დაიკავა, რომელმაც დღეს პირველად უთავკაცა კლუბს და “ტიტებთან” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილ “ტიტებს” 5 ტურის შემდეგ 3 გამარჯვება ჰქონდა და ამის გათვალისწინებით “ოლიმპთან” მატჩშიც ფავორიტად მიიჩნეოდა. თამაშის დასაწყისმა საპირისპირო აჩვენა. ოლიმპელები მეტად მობილზებულნი და თავდაჯერებულნი გამოვიდნენ სათამაშოდ და აგრესიული დაცვის ხარჯზე შეტევაშიც გზა გაეხსნათ. თანაბარი პირველი პერიოდის (20:20) შემდეგ როგავას გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, რაც ცალკერძ “ტიტების” შეცდომების, ცალკერძ კი ოლიმპელთა შედეგიანი გარჯის შედეგი გახლდათ.

25:12 მოგებული მეორე პერიოდის შემდეგ “ოლიმპი” დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი ლიდერობით გავიდა. ტრავმის შემდეგ ფორმა დაიბრუნა ოლიმპელთა ლიდერმა კახა ჯინჭარაძემ, რომელიც დღეს ძალზედ შედეგიანი იყო. საერთოდ კი “ოლიმპის” კალათბურთელებმა გუნდურად ითამაშეს და გამარჯვებაში თავისი წილი ყველა მათგანმა დაიდო. მეორე ტაიმში როგავას გუნდმა დამაჯერებელი თამაში განაგრძო, “ტიტების” მცდელობა კი რამე შეეცვალად, მცდელობადვე დარჩა.

შეხვედრა ისე მივიდა დასასრულამდე, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ ოლიმპელებმა 18 ქულის სხვაობით – 85:67 (სტატისტიკა)იმარჯვეს და სუპერლიგის მე-7 მატჩში მე-2 გამარჯვება იზეიმეს. ყველაზე სარგებლიანი 10 ქულითა და 16 მოხსნით დევანტე ფოსტერი გამოდგა, ოლიმპელთა ბომბარდირი კი 21 ქულით კახა ჯინჭარაძე გახდა. 13 ქულა დააგროვა კენდრიკ ტომპსონმა, ბუნდუ აბდულაიმ კი შეხვედრა 11 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. “ტიტებში” 17 ქულით საუკეთესო იყო ჯორდონ თალი. 10 ქულა და ამდენივე მოხსნა ბრენდან აუგბორნსის ანგარიშზეა.

დღეს დაგეგმილ მეორე მატჩში “დინამო” დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერ “ქუთაისს” უმასპინძლებს. შეხვედრა 14:30 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლაცია ჩვენს ვებ-გვერდზე განხორციელდება: gbf.ge/LIVESTREAM

GBF.GE

0.122319