ფეხბურთი

10:23 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის შთამბეჭდავი ფორმა: "ის ლიდერია და ბევრს მუშაობს"
"მას ინდივიდუალური კლასიც აქვს, რომ რთული თამაშები სწორი მიმართულებით წაიყვანოს"

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გასულ ტურში ვენის „აუსტრიასთან“ დუბლი შეასრულა, ამჯერად კი „ადმირასთან“ თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (3:0).

ნამატჩევს 24 წლის ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, ბედნიერია, როდესაც გუნდს გოლით ან შედეგიანი პასით ეხმარება, მაგრამ მთავარი მაინც გუნდის გამარჯვებაა.

„კარგი დასაწყისი გვქონდა, მაგრამ შემდეგ „ადმირასთვის“ თამაში უფრო ადვილი გახდა. ცოტათი დავკარგეთ კონცენტრაცია და თუ ისინი გაიტანდნენ, ძალიან ძნელი იქნებოდა. ტაიმის ბოლოს რომ არ გაგვეტანა, თამაში გაგვირთულდებოდა.

ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც გუნდს გოლებით ან პასებით ვეხმარები. ფეხბურთელის საქმეა გუნდს დაეხმაროს. ყველა თამაშში ყველაფერს ვაკეთებ და ასევე ბედნიერი ვარ, როდესაც გუნდი იმარჯვებს, თუნდაც მე გოლით ან საგოლე პასით ვერ დავეხმარო. მთავარი ის იყო, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და თამაში მოვიგეთ. უფრო მეტის გაკეთებაც შეგვიძლია, ეს არ იყო მაქსიმუმი და გვინდა, რომ შემდეგ თამაშში ხარისხი გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

ოთარის შესახებ გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმაც ისაუბრა და სამედიცინო შტაბის კარგ მუშაობას და ქართველი ნახევარმცველის შრომისყვარეობას გაუსვა ხაზი:

„ის არის ლიდერი, რომელიც ყოველთვის საკუთარ თავზე მუშაობს და არასდროსაა კმაყოფილი. მიწაზე დგას და გუნდისთვის შესანიშნავად მუშაობს, მაგრამ ინდივიდუალური კლასიც აქვს, რომ რთული თამაშები სწორი მიმართულებით წაიყვანოს. სერიოზული ტრავმის შემდეგ ჩვენმა სამედიცინო შტაბმა კარგად იმუშავა და ის ძალიან ძლიერი დაბრუნდა“, - თქვა ილცერმა.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა ოქტომბერში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში მიიღო და მას მერე ზუსტად თვენახევარი გაუცდა. ოთარი მოედანზე 2 კვირის წინ დაბრუნდა და უკვე მოასწრო 2 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება.

0.122378