ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე რეიტინგის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე მატჩი კვლავაც იოლად მოიგო. 27 წლის “ნოლე” ამჯერად შვეიცარიელ სტენ ვავრინკას 6:3, 6:0 “გაუსწორდა”. ჯგუფის დასკვნით საასპარეზო დღეს ჯოკოვიჩი ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება, ვავრინკა კი ხორვატ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც საწყისი 2 მატჩი წააგო.
ჯოკოვიჩისა და ვავრინკას პაექრობამ საათსა და 5 წუთს გასტანა. ნოვაკის აქტივში 5 ბრეიკი და 2 ეისია. ჯოკოვიჩმა საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 17-ჯერ დაამარცხა ვავრინკა, თავად კი სტენთან მხოლოდ სამჯერ წააგო.
“ასეთ იოლ მოგებას არ ველოდი. ეტყობა, სტენი თავს კარგად ვერ გრძნობდა, მე კი წინასამატჩო გეგმა კარგად შევასრულე”, - განაცხადა ჯოკოვიჩმა ნამატჩევს.
ვავრინკამ მარცხის შემდეგ აღიარა, ნოვაკი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდა, ყველაფერი გამოსდიოდა, მე კი ისეთ დღეში ჩამაგდო, არ ვიცოდი, მისთვის რა დამეპირისპირებინაო.