ფეხბურთი

23:20 | 9.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგაზე ფავორიტი იქნება"

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პლეი ოფის დაწყებიდან ევროპა ლიგის ფავორიტი გუნდი იქნება, თუმცა ამავდროულად თვლის, რომ "წითელი ეშმაკები" ამ ტურნირზე არ უნდა მონაწილებდნენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე მოუწევს თამაში. პორტუგალიელი სპეციალისტი "წითელი ეშმაკების" დამრიგებელი 2016-2018 წლებში იყო. მოურინიოს გუნდმა 2017 წელს ევროპა ლიგა მოიგო. ჟოზე აღნიშნავს, რომ "ეს გუნდი ტურნირის ფავორიტებს შორის იქნება".

"გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან ვარდება არის ყოველთვის ძლიერი. ასეთი გუნდები ევროპა ლიგის დონისთვის არ არიან. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი ერთ-ერთი ტოპგუნდია. ძალიან რთული ჯგუფი იყო - პსჟ, "მანჩესტერი" და "ლაიპციგი" - და ყველამ ვიცოდით, რომ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ევროპა ლიგაზე მოხვდებოდა" - ციტირებს Sky Sports-ი მოურინიუს სიტყვებს.

ჟოზე არ ეთანხმება ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაში მესამეადგილოსნის "დაქვეითებას" და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ადრეც გააკეთა. აღნიშნულის შესახებ პორტუგალიელს ჟურნალისტებმა კიდევ დაუსვეს კითხვა, რაზეც მოურინიუმ შემდეგნაირად უპასუხა:

"ესაა პრინციპული საკითხი და ჩემ გუნდსაც რომ ასე შეემთხვეს, იგივეს ვიტყვი. ასეთი სისტემაა, თუმცა გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ტურნირს ხარისხს უმაღლებს და ეს არ უნდა დავივიწყოთ. როდესაც ტურნირს კიდევ რვა გუნდი ემატება, რომლებიც სხვა დონეს ეკუთვნიან და ევროპა ლიგაზე უწევთ თამაში, რა თქმა უნდა, შეჯიბრების ხარისხი უმჯობესდება. როდესაც ხარისხი უმჯობესდება, ყურადღებაც მატულობს და ეს ტურნირისთვის კარგია. მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, ეს უსამართლობაა. გუნდმა, რომელმაც წარმატებას ვერ მიაღწია, სხვა ტურნირზე გადაგყავს. წარმოიდგინეთ, ევროპა ლიგაზე ჯგუფის მესამე გუნდი - ახლა ის სხვა ტურნირზე გადაერთვება, ასპარეზობის შეწყვეტის ნაცვლად."

"ტოტენჰემს" ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში პლეი ოფის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, უბრალოდ გასარკვევია პირველ ადგილზე ვინ გავა ჯგუფში. "მამლები" "ანტვერპენს" მიიღებენ და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერები გახდებიან.

ჟოზე მოურინიუმ პსჟ-ს და "ბაშაქშეჰირის" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა კომენტარი. ამ მატჩში მეოთხე მსაჯმა თურქული გუნდის მტავარი მწვრთნელის ასისტენტს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა და მატჩი შეწყდა.

"ძალიან სამწუხარო სიტუაციაა და რასიზმს ყველანაირი ფორმით უნდა ვებრძოლოთ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ვწუხვარ, რადგან ფეხბურთში რასიზმი არ გვინდა. შესაძლოა მეოთხე მსაჯი კარგი რეფერია, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობები გვაქვს და თუ შეცდომებს ვუშვებთ, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მაგრამ მთავარი უფრო ისაა ჩემთვის, რომ ეს თამაში სიმბოლური გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე 15 წუთის შემდეგ თამაშის შეწყვეტა დასანანი მიზეზის გამო, სამწუხაროა და იმედია, მომავალში ეს აღარ განმეორდება." - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

0.128587