როჯერ ფედერერმა თებერვალში მუხლის ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ, შეჯიბრზე არ გამოსულა. ერთ რამეში მაინც გაუმართლა - კორონავირუსის გამო, ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლისთვის გადაიტანეს. შვეიცარიელი ჩოგბურთელი უკვე მწყობრშია და დიდი მონდომებით ემზადება ახალი სეზონისთვის, რომელშიც პირველ რიგში, ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობას გეგმავს.
39 წლის ჩოგბურთელი ამბობს, რომ ახალ სეზონში, მისი მთავარი პრიორიტეტი, ტოკიოს ოლიმპიუადაზე ოქროს მედლის მოპოვებაა. ეს ის ჯილდოა, რომელიც ლეგენდარულ შვეიცარიელს ჯერ ერთხელად არ მოუპოვებია. არადა, მისი საკარიერო მონაგარი დიდი სლემის 20 ტიტულს ითვლის.
ფედერერი არ მალავს, რომ გაუხარდა, როცა გაიგო, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლისთვის გადაიტანეს. ეს რომ არა, ტოკიოში ასპარეზობა მისთვის გამორიცხული იყო და შესაბამისად, ოლიმპიურ ოქროზე ოცნებასაც დაემშვიდობებოდა. ფედრერმა 2012 წლის ოლიმპიადაზე ფინალში გასვლა შეძლო, სადაც ბრიტანელ ენდი მარისთან დამარცხდა.
„მთავარი გეგმა ისაა, რომ იაპონიაში ოლიმპიადაზე გამოსვლა შევძლო. იქ გამარჯვება ჩემთვის დიდი რამაა. გამიმართლა, რომ ოლიმპიადა გადაიტანეს, რადგან როცა უნდა ჩატარებულიყო, მაშინ პრობლემები მქონდა. ყველასთვის დიდი შოკი იყო, როცა გავიგეთ, რომ უიმბლდონი არ ჩატარდებოდა. და ამას ტოკიოს ოლიმპიადის გადატანა მოჰყვა“, - ამბობს ფედერერი.