კალათბურთი

13:22 | 7.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა NCAA-ში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა (+VIDEO)

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა,რომელმაც კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 21 წლის ქართველმა ფორვარდმა “პენსილვანია სტეიტის” წინააღმდეგ 30 ქულა მიითვალა, რითაც პირადი რეკორდი დაამყარა.

მამუკელაშვილს, რაც ამერიკის სტუდენტურ ლიგაშია, 3 წლის მანძილზე 30-ქულიანი ბარიერისთვის არ მიუღწევია. 1 კვირის წინ მან 25 ქულა მიითვალა, თუმცა ეს შედეგი დღეს, გამთენიისას, ოვერტაიმში მოგებულ მატჩში გააუმჯობესა.

მამუკელაშვილი რომ სტუდენტურ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, ეს ცნობილი ამბავია. ლიგის ხელმძღვანელობამ ის სეზონის წინ იმ საუკეთესო ფორვარდებს შორის დაასახელა, რომელთაგან სეზონის ბოლოს კარლ მელოუნის პრიზის მფლობელს აირჩევენ. ცნობილი ამერიკელი მოთამაშის პრიზს სტუდენტური ლიგის საუკეთესო ფორვარდს აძლევენ.

“პენსილვანია სტეიტთან” სანდრო სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 41 წუთი გაატარა. შეხვედრის ბედი კი ოვერტაიმში გადაწყდა, სადაც მამუკელაშვილის აქტიური მონაწილეობით სეტონ ჰოლმა საბოლოოდ 98:92 იმარჯვა. ქართველმა ფორვარდმა 14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მოგროვებულ 30 ქულას სანდრომ 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაც დაამატა.

სანდროს შემდეგ სეტონჰოლელთა შორის 16 ქულით მაილს კეილი გამოირჩა.

სეტონ ჰოლი 11-გუნდიან ბიგ ისთის კონფერენციაში 2 მოგებითა და 3 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფება, ხოლო არასაკონფერენციო მატჩებს ქართველის გუნდი 9 დეკემბერს “ვაშინგტონთან” შეხვედრით დაასრულებს, რის შემდეგაც, 12 დეკემბრიდან, სტარტს Big East-ის ჩემპიონატი აიღებს. მამუკელაშვილის გუნდის პირველი საკონფერენციო მეტოქე “დეპოლის” უნივერსიტეტი იქნება.

0.119002