მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ არგენტინულ Ole-სთან ინტერვიუში ლიონელ მესიზე, თავის კუმირებზე და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის მოახლოებულ დაჯილდოებაზე ისაუბრა, სადაც პოლონელი გამოკვეთილი ფავორიტია.
„თუ ფიფა საუკეთესოდ დამასახელებს, ეს რაღაც შესანიშნავი იქნება ჩემთვის და მთელი გუნდის პრემია, რადგან გუნდის დამსახურებაა ჩემი თამაში. პირადად მე რაც შემეხება, ვიცი, რამდენს ვშრომობდი და ვიბრძოდი იმისთვის, რომ ასეთი წელი მქონოდა. ვინ არის კონკურენტი? ბევრი გოლი გავიტანე, ყველაფერი მოვიგე, ამიტომ, არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს.
მესი? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთის ისტორიაში. მან რასაც მიაღწია, როგორც ფეხბურთელმა, ალბათ ვერავინ შეძლებს. 100 წელი უნდა დაველოდოთ ასეთ ფეხბურთელს, რადგან მსგავსი მოთამაშეები 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან. ის არის და იქნება ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი.
ბავშვობაში ორი კუმირი მყავდა. ერთი ტიერი ანრი იყო. მას „არსენალში“ თამაშის დროს ვაკვირდებოდა. მეორე კი ჩემს პოზიციაზე არ თამაშობდა, ეს ალესანდრო დელ პიერო იყო“, - თქვა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ FIFA The Best 17 დეკემბერს გაიმართება და რობერტ ლევანდოვსკი გამარჯვების მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.