ტურინის „იუვეტუსი“ ლუის სუარესის იტალიური ენის გამოცდის გაყალბებაში ბრალდებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ იტალიური კლუბი ურუგვაელის გამოცდის ჩაბარებას ხელოვნურად აჩქარებდა და პერუჯას უნივერსიტეტის რამდენიმე წარმომადგენელი მოისყიდა.
„იუვეს“ სუარესის ტრანსფერით იყო დაინტერესებული, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო არაევროკავშირელ სუარესს იტალიის მოქალაქეობა მიეღო. ვინაიდან სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ცოტა ხანი რჩებოდა, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობამ პერუჯას უნივერსიტეტში გამოცდის ჩაბარება დააჩქარა.
სუარესმა მიიღო საგამოცდო ტესტი, რომლის პასუხები წინასწარ იცოდა. შედეგად, პერუჯას უნივერსისტეტის რექტორ, დირექტორსა და პროფესორებს 8 თვით საქმიანობის უფლება ჩამოერთვათ - ჯულიანა გრეგოს, სიმონე ოლივიერის, სტეფანია სპინასა და ლორენცო როკას.
საქმეზე ბრალდებულნი არიან „იუვენტუსის“ თანამშრომლებიც, მაგრამ მათი ვინაობა ჯერ უცნობია. რა სანქცია ელოდება ტურინულ გრანდს ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ სუარესი „იუვენტუსში“ მაინც ვერ გადავიდა და ახლა მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავს.