ავტოსპორტი

2:51 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დაშავებულ გროჟანს სახირის დიდ პრიზზე პიეტრო ფიტიპალდი შეცვლის

სახირის დიდ პრიზზე, რომელიც ბაჰრეინშივე, ამ უქმეებზე გაიმართება, „ჰაასში“ ფრანგ რომენ გროჟანს ბრაზილიელი პიეტრო ფიტიპალდი შეცვლის. ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლის პირველ წრეზე მომხდარი ინციდენტისას, გროჟანმა ორივე ხელის დამწვრობა მიიღო, რიოს გამოც, სულ ცოტა, ერთი რბოლის გამოტოვება მოუწევს.

პიეტრო ფიტიპალდი 24 წლისაა. ის მაიამიშია დაბადებული და არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის და ინდი 500-ის ორგზის გამარჯვებულის, ბრაზილიელი ემერსონ ფიტიპალდის შვილიშვილი.

34 წლის გროჟანს ჰოსპიტალიდან სამშაბათს გამოსწერენ, თუმცა სახირის დიდ პრიზზე, რომელიც ამ უქმეებზე ჩატარდება, ასპარეზობას ვერ შეძლებს და დიდი ალბათობით, ვერც სეზონის ბოლო ეტაპზე, აბუ დაბის დიდ პრიზზე გამოვა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რომენისთვის უკეთესი იქნება, თუ სულ ცოტა, ერთ რბოლას მაინც გამოტოვებს. რაც შეეხება პიეტროს, მასზე არჩევანის გაკეთება რთული არ იყო“, - ამბობს „ჰაასის“ შეფი გიუნტერ შტაინერი. მისივე თქმით, ფიტიპალდი უკვე ორი სეზონია, გუნდთან ერთად არის, როგორც ტესტ და სარეზერვო პილოტი და კარგად იცნობს გუნდს. „ის მოთმინებით გამოირჩევა და გამოწვევებისთვის ყოველთვის მზადაა. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ და დარწმუნებული ვარ, ის კარგად იმუშავებს“.

ბოლოსწინა ეტაპის წინ, „ჰაასს“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე, ათ გუნდს შორის მეცხრე ადგილი უკავია. გუნდმა გროჟანს და მის დანიელ თანაგუნდელ კევინ მაგნუსენს კონტრაქტები აღარ გაუგრძელა. ისინი გუნდს ამ სეზონის ბოლოს დატოვებენ. შემცვლელები ჯერ არ დასახელებულა. ერთ-ერთ კანდიდატად, ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის შვილი, მიკ შუმახერი განიხილება.

0.129855