ფეხბურთი

21:29 | 30.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" დამარცხდა და საჩემპიონო ბრძოლაში ინტრიგა დაბრუნდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მდგომარეობა დაიძაბა. „დინამო თბილისმა“ წინა ტურში მოპოვებული 5-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და „დინამო ბათუმს“ ისევ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. ვინაიდან ამ გუნდებს სეზონის ფინიშამდე ორ-ორი თამაში დარჩათ, ყველაფერი წინაა.

„დინამო თბილისი“ საჩხერის „ჩიხურას“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები მრავლად ჰქონდა, მეტოქის კარს გასაღები ვერ მოარგო. საპასუხოდ კი ორი გოლი გაუშვა და მშრალი ანგარიშით წააგო.

საჩხერელებმა ორივე გოლი შესანიშნავი გაიტანეს. ჯერ კახა კახაბრიშვილმა ფანტასტიკური დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო მატჩის მიწურულს ლუკა კიკაბიძემ სხვაობა სოლიდური გახადა და ყველა კითხვის ნიშანი გააქრო.

„ჩიხურამ“ ამ გამარჯვებით პლეი-აუტში თამაშის უფლება გაინაღდა და აგრძელებს ბრძოლას ეროვნულ ლიგაში დასარჩენად, თბილისის „მერანი“ კი ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი ღიაა - „დინამო თბილისს“ 2-ქულიანი და ურთიერთშეხვედრების უპირატესობა აქვს „დინამო ბათუმთან“. მომდევნო მატჩს ეს გუნდები 5 დეკემბერს გამართავენ, თბილისელები „სამტრედიას“, ბათუმელები კი „ტორპედოს“ შეხვდებიან.

„ჩიხურა“ – „დინამო თბილისი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კახაბრიშვილი (17), 2:0 კიკაბიძე (85)

0.132429