ფეხბურთი

20:55 | 25.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონა გარდაიცვალა...

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა. ინფორმაცია არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთის უგვირგვინო მეფე 60 წლის ასაკში საკუთარ სახლში, ტიგრეში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

პირველი ეს ინფორმაცია არგენტინულმა გაზეთმა „კლარინმა“ გაავრცელა. მარადონას ნოემბრის დასაწყისში ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება ჰქონდა და სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთეს. კლინიკიდან ის 11 ნოემბერს გაწერეს.

თუმცა, ფეხბურთის ლეგენდის სიცოცხლე გულის გაჩერებით დასრულდა. მას სამედიცინო პერსონალმა დახმარება ვერ აღმოუჩინა და საფეხბურთო სამყარო გლოვამ მოიცვა... მარადონა 60 წლის იყო. ფეხბურთის ისტორიაში პელესთან ერთად უდიდეს ფეხბურთელადაა აღიარებული.

დიეგო არმანდო მარადონამ საფეხბურთო კარიერა „არგენტინოს ხუნიორსში“ დაიწყო, შემდეგ კი „ბოკა ხუნიორსში“, „ბარსელონაში“, „ნაპოლიში“, „სევილიასა“ და „ნიუელს ოლდ ბოიზში“ ითამაშა. არგენტინის ნაკრებში მან 1977-1994 წლებში 91 მატჩში 34 გოლი გაიტანა.

დიეგო მწვრთნელადაც მუშაობდა, 2008-2010 წლებში არგენტინის ნაკრების თავკაცი იყო, ხოლო ბოლოს ხიმნასია ლა პლატაში მუშაობდა.

0.113443