„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
„რასაკვირკველია, ჩვენთვის ფინალია, წინა შედეგების შემდეგ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. რთული მატჩი გველოდება ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომლის ისტორია და ახლო წარსული ყველამ ვიცით. თუმცა, მნიშვენლოვანია დადებითი შედეგის მიღწევა. ვიცით, რომ ეს გვინდა და რაც მთავარია შეგვიძლია.
არ ვფიქრობ, რომ სერხიო რამოსის, ბენზემასა და ვალვერდეს არყოფნის გამო „რეალმა“ უნდა იტიროს. ამ გუნდს ძლიან ძლიერი და სრულყოფილი შემადგენლობა ჰყავს და შეუძლია დანაკლისი შეავსოს. ის ფაქტი, რომ პრესა ამაზე საუბრობს, სასაცილოდ მეჩვენება.
ეს თამაში უნდა მოვიგოთ. მერვედფინალში გასასვლელად სამივე დარჩენილი მატჩის მოგება ან 7 ქულის მოპოვება გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფი ყველაზე რთულია და წინა მატჩებში უფრო მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე მივიღეთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, „ინტერს“ სამ ტურში მხოლოდ 2 ქულა აქვს, „რეალს“ კი 25 ნოემბერს უმასპინძლებს.