კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელების, ჟერარ პიკესა და სერხი რობერტოს ტრავმები მძიმე გამოდგა. ორივე ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც დაზიანებების ხარისხი აჩვენა.
პიკეს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და მისი მოედანზე დაბრუნების დრო სარეაბილიტაციო პერიოდზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, ესპანური მედიის ცნობით, ესპანელი 6 თვე ვერ ითამაშებს.
რაც შეეხება სერხი რობერტოს მისი ტრავმა ნაკლებად მძიმეა, მაგრამ უქმობის პერიოდი დაახლოებით ორი თვით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ტრავმირებულნი არიან რონალდ არაუხო და სამუელ უმტიტი და ერთადერთი ცენტრალური მცველი, კლემენ ლენგლეა ჯანმრთელი. აქედან გამომდინარე რონალდ კუმანს ცენტრალური მცველის პოზიციაზე ფრენკი დე იონგის გამწესება მოუწევს. შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ ლა ლიგის ბოლო ტურში მადრიდში, „ატლეტიკოსთან“ 0:1 წააგო.