"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა და იგი ძმის ქორწილში წასვლის გამო არ გააკრიტიკა. აღნიშნული ქორწილზე დასწრების შემდეგ მოჰამედს კორონავირუსი დაუდასტურდა და ეგვიპტის ნაკრებში ორი მატჩი გამოტოვა. ასევე, ფეხბურთელს მოუწევს პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოტოვოს შეხვედრები.
აფრიკელი მოთამაშე პარასკევს ჩაფრინდა ლონდონში, კლოპმა კი თავისი პოზიცია ფეხბურთელის ინფიცირების ფაქტთან დაკავშირებით არ გაამჟღავნა.
"სალაჰი დაბრუნდა და მასთან მუდმივ კონტაქტში ვართ. საქმეს რომ დაუბრუნდეს, მას ნეგატიური პასუხი უნდა ჰქონდეს კორონავირუსის ტესტზე. იგი ახლა კარგ ადგილას იმყოფება, თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აქვს. რაც შეეხება მისი ძმის ქორწილზე დასწრებას, საჯაროდ არაფერია სათქმელი. რასაც მე ვესაუბრები ჩემ ფეხბურთელებს, საჯარო არაა ხოლმე.
ერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ გერმანიაში ყოფნის პერიოდში ჩემმა მეგობარმა დაბადების დღის წვეულებაზე მიმიწვია, რომელიც ღია ცისქვეშ იყო, მაგრამ არ წავედი. 50 კაცი ესწრებოდა წვეულებას, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე. ეს უბრალოდ წვეულება იყო, რომელიც გერმანიაში დაშვებული გახლდათ, მაგრამ მაინც არ წავედი.
ეს სხვა სიტუაცია იყო. სხვა ქვეყნებში და სხვა სიტუაციებში, უფრო მეტი სოციალური წნეხი არსებობს. ძმის ქორწილი მნიშვნელოვანი მომენტია. ჩემ ფეხბურთელებზე გეტყვით, რომ წარმოუდგენლად დისციპლინირებულნი არიან. თუმცა ზოგჯერ ეს არ მუშაობს და რაღაც ხდება. ახლა კი ვართ იმ სიტუაციაში, რაშიც აღმოვჩნდით. სხვა დანარჩენი კი ჩემსა და სალაჰს შორის დარჩება. ყველაფერი კარგადაა." - ციტირებს Sky Sports-ი კლოპის სიტყვებს.
გერმანელმა სპეციალისტმა ასევე დაადასტურა, რომ პრემიერლიგის მომავალ მატჩს "ლესტერის" წინააღმდეგ ჯორდან ჰენდერსონი და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი გამოტოვებენ, მაგრამ იმედოვნებს, რომ ფაბინიო გუნდს დაუბრუნდება. ბრაზილიელმა მცველმა გუნდის ბოლო სამი მატჩი გამოტოვა.
"ლესტერი" პრემიერლიგას რვა ტურის შემდეგ ლიდერობს. კლოპმა აღნიშნა ბრენდან როჯერსის გუნდის სტარტი და ტრავმების ფონზე ამ გუნდის წარმატებული თამაში შეაქო.
"ლესტერმა" არა მარტო გასულ წელს აჩვენა ტუ რამდენად კარგი გუნდია, არამედ ახლაც აგრძელებს. მათ სტილი შეიცვალეს, თუმცა ეს უფრო ტრავმებს უკავშირდება. "ლესტერი" კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა შეძლო ტრავმების ფონზე კარგად თამაში. მეტოქე ახლა კარგ ფორმაშია, იციან როგორ უნდა ითამაშონ და რთული მატჩი გველის." - დაამატა კლოპმა.
"ლესტერის" და "ლივერპულის" მატჩი 22 ნოემბერს, თბილისის დროიტ 23:15 საათზე დაიწყება. "ლესტერი" პრემიერლიგაში პირველ ადგილზე 18 ქულით იმყოფება, ხოლო "ლივერპულს" 17 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.