ფეხბურთი

23:12 | 19.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვაისს: "პატივი და სიამოვნება იყო თქვენთან მუშაობა"

საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს ეროვნული გუნდის ფეხბურთელები გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია და ვაკო ყაზაიშვილი საჯარო მიმართვებით დაემშვიდობნენ.

თუ აბურჯანიამ და ყაზაიშვილმა მოკლე პოსტებით, უბრალოდ მადლობა გადაუხადეს სლოვაკ სპეციალისტს, კაშიამ და კვეკვესკირმა უფრო ვრცელი წერილები გამოაქვეყნეს.

„მადლობა მისტერ! არასდროს დაგივიწყებთ იმას, რაც თქვენ და თქვენმა სტაფმა ჩვენთვის გააკეთეთ. თქვენთნ მუშაობა დიდი სიამოვნება და პატივი იყო“, - წერს კვეკვესკირი.

„მადლობა ერთად გატარებული ბოლო 5 წლისთვის, მადლობა ჩემს მიმართ გამოვლენილი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოცნება ვერ ავისრულეთ. ამაზე მეც ვგრძნობ და ვიღებ პასუხისმგებლობას. თუმცა, გვქონდა შესანიშნავი მომენტებიც, რომლებიც მე სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებებს“, - ეს კაშიას პოსტია.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016 წლის გაზაფხულიდან ავარჯიშებდა. ის ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდში რეკორდსმენია როგორც ჩატარებული მატჩებით (47), ისე გამარჯვებებით (16). მისი ხელმძღვანელობით „ჯვაროსნები“ 16 გამარჯვების გარდა ასევე 16-ჯერ დამარცხდნენ და 15-ჯერ ფრეს დასჯერდნენ.

0.115893