ფეხბურთი

23:42 | 18.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სვანაძე: "მთავარი მიზანი გუნდის სტრესიდან გამოყვანა იყო"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეექვსე ტურის მატჩი ჩაატარა, რითაც როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ისე 2020 წელს ასპარეზობა დაასრულა. ქართველი ფეხბურთელები თბილისში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მატჩის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.

„რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ სათამაშო უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო და ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, ეს გოლია, შეტევაში ხარისხი, განსაკუთრებით დამაგვირგვინებელ ფაზაში. გუნდმა ძალიან რთული თამაშები გამოიარა, თუმცა, წარსულში ყურება არაფერს მოგვიტანს და წინ უნდა ვიყუროთ. ვიცი, რომ ამ გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს.

არ ვფიქრობ იმაზე, რომ ამ გუნდში კიდევ დავრჩები. ჩემი ერთადერთი და მთავარი საზრუნავი ახლა გუნდში განწყობის ამაღლება იყო, რომ გუნდი სტრესული ვითარებიდან გამომეყვანა. ვიქნები იქ, სადაც ჩემს ქვეყანას და ფეხბურთს დავჭირდები. ამჟამად 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მაგრამ, მერწმუნეთ, მზად რომ არ ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრებისთვის, ახლა აქ არ ვიქნებოდი.

მოდის თაობა, რომელთაც პერსპექტივა გააჩნიათ, მე ვერ გავიზიარებ ამ პესიმისტურ მოსაზრებას, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი არ აქვს. ეს ბიჭები ფინალამდე მოვიდნენ და მათ ყველაზე მეტად განიცადეს ის ყველაფერი, რაც მოხდა. გუშინ ნიკა კვეკვესკირმა ბოდიშიც მოიხადა. უბრალოდ, ჩვენი პრობლემა ის გახდა, რომ მაკედონიასთან წაგებით გამოწვეული სტრესიდან გუნდის გამოყვანა გაძნელდა, რასაც ერთა ლიგის შესარჩევი ციკლიც გადაყვა.

დავით ხოჭოლავა არის ფეხბურთელი, რომელიც „რეალთან“ და „ინტერთან“ ძირითადში თამაშობდა და ვფიქრობ, რომ ასეთი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ძირითადში უნდა იყოს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეთამაშა.

19-წლამდე ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბევრს თუ იმუშავებენ, არამარტო მოედანზე, არამედ ცხოვრებაში, რაც საჭიროა ფეხბურთელობისთვის, შეუძლიათ მომავალში ეროვნულ ნაკრებში ითამაშონ, მაგრამ კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ. ზურიკო დავითაშვილი მზად რომ არ იყოს ეროვნული ნაკრებისთვის, ის არ ითამაშებდა. უბრალოდ, სულ სხვა ზურიკოს ვხედავთ კლუბში და სხვას ნაკრებში. ეს იმიტომ ხდება, რომ ნაკრებთან ადაპტაციის პერიოდს გადის და შეჩვევა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ამას მალე მოახერხებს. მას შეუძლია, როგორც ფლანგზე, ისე შუაში თამაში, გააჩნია როგორი იქნება ტაქტიკური სქემა“, - თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. ეროვნული ნაკრები მომდევნო მატჩს ახალი მთავარი მწვრთნელით 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ჩაატარებს.

0.126703