ფეხბურთი

14:25 | 14.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ახალ მწვრთნელს ჩემი და ქეცბაიას თვისებების მიქსი უნდა ჰქონდეს"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე ტურში თბილისში სომხეთის ნაკრების უმასპინძლებს. მატჩამდე ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ღამე გამოაირა და საქართველოს გულშემატკივარი ყოველთვის იქნება.

„ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის შემდეგ საკმაოდ რთული ღამე იყო, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე. საბოლოოდ, დაცვაში ერთმა შეცდომამ განაპირობა ყველაფერი. უნდა აღვნიშნო, რომ მაკედონიამ ყველა შეხვედრაში მინიმალური საგოლე მომენტები მიიღო და მაქსიმალურად გამოიყენა, ჩვენს შემთხვევაში კი სხვაგვარად იყო, სხვა თამაშებში ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ბოლო თამაშში ერთი შეცდომა გადამწყვეტი გამოდგა.

ყველასთვის ემოციური დღე და უდიდესი იმედგაცრუება იყო. თუმცა, ცხოვრება გრძელდება, სომხეთთან თამაშისთვის ვემზადებით და ხვალ გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება B დივიზიონში გადასასვლელად, რაც ფეხბურთელებისთვის, მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ხვალ შანსს ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებიც მაკედონიასთან თადარიგში იყვნენ. 5-6 პოზიციაზე იხილავთ ცვლილებას, განსხვავებით წინა თამაშისგან. აშკარაა, რომ უკეთესი, ბევრად წარმატებული და ახალი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ.

გუშინ გვქონდა საუბარი ფეხბურთელებთან, იქ იყო ლევან კობიაშვილიც, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, შევაფასეთ სიტუაცია. ასეთი იმედგაცრუების შემდეგ ძალიან რთულია დაივიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ახლა მოედანზე გასვლა ადვილი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ის წნეხი, რაც ამ თამაშს ახლდა, აუცილებლად გადაივლის და ხვალ კარგად ვითამაშებთ, რადგან გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომელთაც ეს შეუძლიათ.

არ ვიცი ვინ იქნება ახალი მთავარი მწვრთნელი, მაგრამ მე ვესაუბრე თემურ ქეცბაიას, ვხედავ მის დამოკიდებულებას ფეხბურთელებთან და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ახალ მწვრთნელს ჩემი და ქეცბაიას თვისებების მიქსი უნდა ჰქონდეს და ამან კარგი შედეგი მოიტანოს. ეს 5 წელიწადი საუკეთესოდ გამახსენდება, აქ შესანიშნავი პერიოდი გავატარე და სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები თქვენი და ამ ფეხბურთელების გულშემატკივრად.

ხვალ შემადგენლობაში ცვლილელები იქნება, ლობჟანიძის და დავითაშვილის მსგავსი სწრაფი ფეხბურთელები უფრო ისეთ შეხვედრაში არიან საჭირო, როცა კონტრშეტევებზე ვთამაშობთ, მაგრამ მაკედონიასთან სხვა თამაში იყო, ისინი პრესინგს თამაშობდნენ. თუმცა, ვერ შევქმენით მომენტები და ცვლილებებიც დაგვიანებული იყო, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა და ხვალინდელ თამაშზე უნდა ვიფიქროთ.

ამ სიტუაციაში ახალი ფეხბურთელების დამატება კონკრეტულად ამ ორი მატჩისთვის არ იგეგმება. მაკედონიასთან დანაკლისს რაც შეეხება, დიახ, ისინი რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა სხვა რეალობა ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, ასეთ თამაშში გამოცდილ ფეხბურთელებს უფრო უკეთ უნდა ეთამაშათ, რაც დავინახეთ მაკედონიის ნაკრებში.

სომხეთის ნაკრებს მხითარიანის გარეშე გაუჭირდება, ისე როგორც ჩვენ გაგვიჭირდა წინა მატჩში წამყვანი ფეხბურთელების გარეშე. მესის გამოკლება „ბარსელონასთვისაც“ დიდი დარტყმაა, ყველა გუნდისთვის ასეა. მხითარიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, ისეთივე ფიგურა, როგორც მაკედონიაში პანდევი, მაგრამ არმგონია, რომ მის გამო გუნდმა ტაქტიკა შეცვალოს. ჩემთვისაც, როგორც მწვრთნელისთვის, საინტერესო იქნება წინა თამაშის შემდეგ როგორ გადავეწყობით.

სლოვაკეთში მუშაობის პერიოდში ორჯერ წავაგე სომხეთთან, მაგრამ საქართველოსთან ერთად მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ხვალ გამარჯვება შეგვიძლია, ვფიქრობ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გავლენ ახლა განწყობას შეიტანენ გუნდში და გამარჯვებისთვის მზად ვართ", - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად იყოფს. სომხეთის ნაკრები კი 5 ქულით მესამე პოზიციაზეა. საქართველო - სომხეთის მატჩი 15 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

0.114903