ფეხბურთი

11:28 | 11.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" პსჟ-ს რონალდუს და ნეიმარის ბარტერს შესთავაზებს

ტურინის „იუვენტუსიდან“ ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო წასვლაზე ბოლო დღეებია აქტიურად იწერება. იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი კი ახალ ინფორმაციას ავრცელებს - რონალდუსა და ნეიმარის ბარტერი.

„იუვეს“ რონალდუს 31-მილიონ ევროიანი ხელფასი მძიმე ტვირთად აწევს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსური კრიზისი გამძაფრდა. ტურინელებს უბრალოდ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ კრიშტიანუს ახალი კონტრაქტი შესთავაზონ, რომელიც 2022 წელს იწურება.

ამასთან, იტალიელების განზრახვაა, რომ მან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვოს და ტრანსფერისგან შემოსავალი მიიღონ. აქედან გამომდინარე დამდეგ ზაფხულს მისი გასხვისება ერთადერთ გამოსავლად რჩება.

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი წერს, მსოფლიოში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ერთადერთი ევროპული გრანდი, რომელსაც კრიშტიანუს ხელფასის გადახდა შეუძლია „პარი სენ ჟერმენია“. ეს „იუვენტუსშიც“ კარგად იციან და ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი პარიზელებს გაცვლის ვარიანტს შესთავაზებს.

ნეიმარსაც „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2022 წელს უმთავრდება და მის გახანგრძლივებაზე მხარეები ამ დრომდე არ მორიგებულან. შეგახსენებთ, ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს გადავიდა, ხოლო რონალდუ „იუვენტუსის“ ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს.

0.112389