საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლე-ოფის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და ფიქრობს, რომ საქართველო უკეთესი გუნდია, რის დამტკიცებასაც მოედანზე ეცდებიან.
"სამწუხაროა,რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობით გავალთ. ეს ფინალია და ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავამტკიცოთ.
ყველა ჩვენგანის კარიერაში ეს ყვლაზე გამორჩეული თამაში იქნება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ", - ციტირებს კაკაბაძის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. გამარჯვებული ნაკრები ისტორიაში პირველად მოიპოვებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას.