ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების და იტალიური „უდინეზეს“ ფეხბურთელმა ილია ნესტოროვსკიმ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალამდე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად.
„როგორც იქნა ეს დროც მოვიდა და მზადებას ვიწყებთ. ამისთვის ოთხი-ხუთი წელი ვიბრძოდით და ახლა დროა მოვემზადოთ მაკედონიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის. მთელი ეროვნული გუნდის სახელით გპირდებით, რომ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ. წინა მატჩებისგან ეს სრულიად განსხვავებული მატჩია. გულით თამაში და გამარჯვების სურვილი გადამწყვეტი იქნება.
ვიცით რა არის ქართველების კარგი და ცუდი მხარეები, მაგრამ ამ დღეებში მათ თამაშს კიდევ შევისწავლით. ზეწოლას ვერ ვგრძნობთ, რადგან ჩვენ საკმაოდ გამოცდილი გუნდი გვყავს დიდ მატჩებში თამაშის მონაწილეობით. მაკედონიას სიამაყით წარმოვადგენთ და იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მოვახერხებთ“, - აღნიშნა ნესტოროვსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული ნაკრები თავის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.