ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასის მერვედფინალურ ეტაპზე „პაფოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი 45-ე წუთზე დემეტრეს ხრისტოფიმ გაიტანა, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და ეფექტური დარტყმით თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
გიორგი ლორიამ ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობაში იყო, ისევე როგორც თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი. ამ უკანასკნელმა საგოლე პასიც შეასრულა. სწორედ მისი, შორეული და უზუსტესი პასით შეძლო ხრისტოფიმ გამარჯვების მოტანა.
სხვათა შორის, „ანორთოსისის“ ქომაგები სოციალურ ქსელში დაუშვილს ძალიან აქებენ და წერენ, რომ ის კიდევ ერთხელ იყო მათი გუნდის საუკეთესო მოთამაშე.
„ანორთოსისი“ კვიპროსის თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.