რუსული ტელეარხის Match TV-ის კომენტატორმა სტანისლავ მინინმა ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას „სევილიაში“ ტრანსფერზე ისაუბრა. მისი აზრით, ხვიჩა ევროპული დონის მოთამაშეა, მაგრამ ფიქრობს, რომ ესპანეთში ის შესაძლოა სირთულეებს გადააწყდეს.
მაგალითად მინინმა ალექსეი მირანჩუკი მოიყვანა, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ბერგამოს „ატალანტაში“ გადავიდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ სათადარიგო სკამზე ზის.
„მე სრულიად მხარს ვუჭერ ამ ტრანსფერს, რადგან ხვიჩა პოტენციური თვალსაზრისით ევროპული დონის მოთამაშეა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ლუკას ოკამპოსი ვეღარ თამაშობს ისე, როგორც გასულ გასულ სეზონში, საკუთარ თავს არ ჰგავს და ტრავმის შემდეგ ფორმა ვერ აღიდგინა.
ხვიჩას შეუძლია „სევილიაში“ ფლანგზე თამაში, მაგრამ სხვა საკითხია, როგორ ითამაშებს გუნდი იმ დროისთვის. გარდა ამისა, ძალიან მაღალი კონკურენციაა. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ არ თამაშობს მირანჩუკი „ატალანტაში“ და შეიძლება ხვიჩასთვისაც აბსოლუტურად იგივე სიტუაცია განვითარდეს. უნდა შეეჩვიოს სხვა ჩემპიონატს, თამაშის რიტმს და სულ სხვა ფეხბურთს. ამაში ცოტა ხნის წინ ფიოდორ სმოლოვიც დარწმუნდა. ამასთან, ხვიჩა ფიოდორზე ბევრად ახალგაზრდაა. ეს არის მოთამაშე, რომელიც ჯერ კიდევ მზარდია. თუ ის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, მაშინ ალბათ პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება.
მაგრამ, არ უნდა დაგვიწყდეს, რომ „სევილიას“ ჰყავს უკვე ნიჭიერი ფეხბურთელები, მათ შორის მარცხენა ფლანგზე ბრაიან ხილი, რომელიც ახლა „ეიბარში“ ჰყავს განათხოვრებული. ეს ყველაფერი ხვიჩას საინტერესო, კონკურენტუნარიან, მაგრამ ძალიან რთულ პირობებს შეუქმნის“, - განაცხადა მინინმა.
შეგახსენებთ, დღესვე დაიწერა დორტმუნდის „ბორუსიას“ ოფიციალური წინადადების შესახებაც. ამის თაობაზე „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კომენტარიც გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.