მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე განაცხადა, რომ „სამეფო კლუბში“ მუშაობის შანსი რამდენჯერმე ჰქონდა, თუმცა უარი თქვა.
„ადრე მქონდა შანსი „რეალის“ მწვრთნელი გავმხდარიყავი, მაგრამ ალბათ შესაბამისი დრო არ იყო. ნამდვილად, რამდენიმე მომენტში ძალიან ახლოს ვიყავი „რეალთან“, სეზონი უკვე დაწყებული იყო და რთული იქნებოდა გუნდის ჩაბარება. ამიტომ, შესაძლებლობის გადადება გადავწყვიტე.
ზიდანთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს. საფეხბურთო თვალსაზრისით მისი ნიჭი ყველამ იცის. ის განსაკუთრებული ბიჭია. ფეხბურთელები ყოველთვის ცდილობენ თავიდან აიცილონ დაღლილობა, მაგრამ ის ვარჯიშზე პირველი მოდიოდა. როდესაც „იუვენტუსის“ მწვრთნელი ვიყავი, ჩემთან ტურინში ივახშმა, რამდენიმე კითხვა დამისვა და მივხვდი, რომ მწვრთნელობა უნდოდა, თუმცა, ფეხბურთელობის დროს ეს არ ეტყობოდა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ კონტე და ზიდანი „იუვენტუსში“ 1996-2001 წლებში თანაგუნდელები იყვნენ. „რეალისა“ და „ინტერის“ მატჩი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.