ფეხბურთი

3:05 | 2.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მოხუცი" გენიოსები

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი ხომ საინტერესოდ მიმდინარეობს და მეექვსე ტურიც მაგარი გამოდგა. მარტო ის რად ღირს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი წარმოდგენები დადგეს, იქეთ „ლაციომ“ მსაჯის კომპენსირებულ წუთებზე ორი გოლი გაიტანა და წაგებული თამაში მოიგო.

„მილანი“ „უდინეზეს“ აშკარა ფავორიტის სტატუსით ესტუმრა და მე-18 წუთზე ფრანკ კესის გოლით იგებდა კიდეც. კოტ დივუარელს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაატანინა. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისში როდრიგო დე პაულმა პენალტით გათანაბრება მოახერხა. თითქოს „მილანს“ ქულები უნდა დაეკარგა, რადგან დროც ცოტა რჩებოდა და ვერც ხეირიანად უტევდა, მაგრამ 83-ე წუთზე 39 წლის იბრაჰიმოვიჩმა დიდებული გოლი გაიტანა და მატჩის გმირი გახდა. იბრას უკვე 7 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავის ლიდერია. სხვათა შორის, მესამედ მოხდა, რომ „მილანის“ ფეხბურთელმა სერია A-ს ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. მეორედ ეს იბრამ შეძლო, ერთხელ ანდრეი შევჩენკომ. „მილანი“ 16 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და წარმოუდგენლად მაგარ ფორმაშია.

კრიშტიანუ რონალდუც დაბრუნდა. კორონავირუსის გამო იძულებითი უქმობის შემდეგ 35 წლის პორტუგალიელი „სპეციასთან“ დუბლით გამოირჩა. „იუვენტუსი“ ალვარო მორატას გოლით იგებდა, მაგრამ ტომაზო პობეგამ გაათანაბრა. ანდრეა პირლომ საშველად რონალდუ უხმო, რომელსაც 126 წამი დასჭირდა თავისი გუნდი რომ წინ გაეყვანა. შემდეგ ფედერიკო კიეზას მოპოვებული პენალტი პანენკას სტილში დაარტყა და დუბლი გაიფორმა. იბრაჰიმოვიჩისა არ იყოს, მასაც ბრწყინვალე ტემპი აქვს - 3 მატჩში 2 დუბლი და 5 გოლი. ტურინელთაგან ერთი და თან ძალიან ლამაზი გოლი ადრიენ რაბიომაც გაიტანა. „იუვენტუსმა“ მოუგებელ სერიას როგორც იქნა წერტილი დაუსვა და „ატალანტასთან“ ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. ვთქვათ ისიც, რომ "იუვენტუსმა" 123-ე დაბადების დღე აღნიშნა და საკუთარ თავს საჩუქრად ლამაზი გამარჯვებაც გაუკეთა...

მეორე ადგილზე კი არც მეტი, არც ნაკლები „სასუოლოა“! რობერტო დე ძერბის გუნდმა მორიგი სიურპრიზი ნეაპოლში შეგვთავაზა, სადაც „ნაპოლი“ 2:0 დაამარცხა და დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი გუნდია.

საოცარი დრამა იყო ტურინში, სადაც კინკილა ქულის ამარა მყოფი „ტორინო“ „ლაციოს“ დაუხვდა და ახლოს იყო პირველ მოგებასთან. ტურინელებმა 87-ე წუთზე გაიტანეს და ანგარიში 3:2 გახდა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 და მე-8 წუთებზე „ლაციომ“ თამაში შემოაბრუნა და მოიგო - 3:4!

დღე გენუაში, გენუური დერბით დასრულდა, სადაც „სამპდორიამ“ და „ჯენოამ“ პირველივე ტაიმში გაცვალეს გოლები და ქულებიც გაინაწილეს.

„უდინეზე“ – „მილანი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კესი (18), 1:1 დე პაული (48, პენ), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (83)

„სპეცია“ – „იუვენტუსი“ 1:4 (1:1)

გოლები: 0:1 მორატა (14), 1:1 პობეგა (32), 1:2 რონალდუ (59), 1:3 რაბიო (67), 1:4 რონალდუ (76)

„ტორინო“ – „ლაციო“ 3:4 (2:1)

გოლები: 0:1 პერეირა (15), 1:1 ბრემერი (20), 2:1 ბელოტი (25, პენ), 2:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (49), 3:2 ლუკიჩი (87), 3:3 იმობილე (90, პენ), 3:4 კაისედო (90)

„რომა“ – „ფიორენტინა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სპინაცოლა (12), 2:0 პედრო (70)

„ნაპოლი“ – „სასუოლო“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ლოკატელი (59, პენ), 0:2 ლოპესი (90)

„სამპდორია“ – „ჯენოა“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 იანკტო (23), 1:1 სკამაკა (28)

თეგებისერია A
0.128428