ფეხბურთი

23:38 | 26.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოგბამ საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლა უარყო: "მიუღებელი და ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა The Sun-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მას ტყუილი უწოდა. როგორც ზემოხსენებული გამოცემა წერდა, პოგბამ ემანუელ მაკრონის განცხადებების გამო, რაც ისლამს უკავშრდებოდა, საფრანგეთის ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა.

თუმცა, პოგბამ ეს ცნობა არათუ არ დაადასტურა, არამედ ცნობილი ბრიტანული გამოცემა ტყუილში დაადანაშაულა.

„მიუღებელია, ყალბი ინფორმაციაა. აბსოლუტურად, 100%-ით უსაფუძვლო ამბები ჩემს შესახებ შუქდება, სადაც ნათქვამია ისეთი რამ, რაც არასდროს მითქვას ან მიფიქრია. შეშფოთებული, გაბრაზებული, შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ ზოგიერთი მედიით, რომლებიც საფრანგეთში იმდინარე მტივნეულ მოვლენებს სათავისოდ იყენებენ სხვების ხარჯზე. წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ტერორისა და ძალადობის, ჩემი რელიგიაა მშვიდობა, სიყვარული და ადამიანების პატივისცემა. პრესაში დასაქმებული ზოგიერთი ადამიანი უპასუხისმგებლოდ იქცევა, ბოროტად იყენებს პრესის თავისუფლებას, არ ამოწმებს ინფორმაცია შეესაბამება თუ არა სიმართლეს. ჭორების ჯაჭვის შექმნა გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. ვიჩივლებ ამ 100%-ით ცრუ ინფორმაციის გამომცემლებისა და გამავრცელებლების წინააღმდეგ. ჩვეულებრივ Sun-ს ეს ნაკლებად ადარდებს, მაგრამ ალბათ ზოგი თქვენგანი სკოლაშ დადიოდა, სადაც მასწავლებელი ყოველდღე ეუბნებოდა, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაგეშუქებინათ. თქვენ ეს ისევ გააკეთეთ და ამჯერად ძალიან სერიოზულ თემაზე. სირცხვილია“, - დაწერა პოგბამ.

შეგახსენებთ, პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და „მამლების“ მაისურით მას 72 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი.

0.110659