ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელ თორნიკე ოქრიაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტი დასრულდა. Goal.philnews-თან საუბარში გუნდის პრესსამსახურის უფროსმა სავვას პილაკუტასმა განაცხადა, რომ ყველაფერი წესრიგშია:
„ინტენსიური დისკუსია იყო, მაგრამ გასახდელში იდეალური ატმოსფეროა. ვფიქრობ, რომ საკითხის გაგრძელების საფუძველი უბრალოდ არ არსებობს“, - აღნიშნა პილაკუტასმა.
კვიპროსული მედია აგრეთვე იტყობინება, რომ მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის სათანადოდ არჩატარების გამო ქეცბაიას მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ დააჯარიმებენ.
საქმე ეხება ერთი კვირის წინ „ნეა სალამინასთან“ შეხვედრას, როდესაც ჟურნალისტების კითხვებს ქართველი სპეციალისტი ლაკონურად პასუხობდა. ის იგივე საქციელის გამო უკვე სამჯერ, ჯამში 11 ათასი ევროთი დააჯარიმეს და ახლა კიდევ 3 ათასი ევროს გადახდა ემუქრება.
შეგახსენებთ, „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურში ნიქოზიის „აპოელი“ 2:0 დაამარცხა. ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს და გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა.