გიორგი ცინცაძე ფინალშია და მისი მეტოქეა ფაგუნდო კამპაცო – ამ 2 კალათბურთელიდან ერთ-ერთის პასი გახდება დეკადის საუკეთესო ასისტი. გამოკითხვა მიმდინარეობს ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მოგიწოდებთ ყველას, შეხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ ქართველ გამთამაშებელს.
ცინცაძის პასი ყველას გვახსოვს. გიორგიმ ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში მანუჩარ მარკოიშვილს იშვიათი სილამაზის პასი მიაწოდა. ზურგსუკან გაშვებული გადაცემისას ბურთი მანტას კალნიეტისსა და იონას ვალანჩუნასს შორის გაძვრა და ფარქვეშ დარჩენილმა მარკოიშვილმა მესამე პერიოდში საქართველო ლიტვასთან 6 ქულით დააწინაურა. ის მატჩი ბოლო წუთებზე სამწუხაროდ წავადეთ, თუმცა ცინცაძის პასი ყველას მეხსიერებაში დარჩა და დღეს, ამ უბადლო გადაცემას 1 ნაბიჯი აკლია, რათა დეკადის საუკეთესო გახდეს.
ცინცაძემ მეოთხედფინალში სერბი 3×3 კალათბურთელი დუშან ბულუტი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ესპანელ მარკ გასოლს აჯობა. კამპაცომ თავის მხრივ ამერიკელ პატი მილსს და ნახევარფინალში ყაზახ რუსტამ მურზაგალიევს (რომელმაც დერიკ როუზი დაამარცხა) აჯობა. ხმის მიცემის პროცედურა 4 დღე გაგრძელდება. იაქტიურეთ, რათა გიორგი ცინცაძის პასი გულშემატკივართა დახმარებით ფიბა-მ ათწლეულის საუკეთესო ასისტად აღიაროს.
GBF.GE