ევროპა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფურმა ეტაპმა სტარტი აიღო. რანგით მეორე ევროპულ საკლუბო ტურნირში 5 ქართველი ფეხბურთელის ოთხი გუნდი თამაშობს.
ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ ორი წარმომადგენელი გვყავს - ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე. ავსტრიელები პირველ ტურში შინ მოსკოვს ცსკა-ს დაუხვდნენ და ქულა მოიპოვეს (1:1). ლოჩოშვილმა დაცვის ცენტრში შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც, ხოლო გიორბელიძე ტრავმირებულია.
პოზნანის „ლეხმა“ ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლა და 2:4 წააგო. ნიკა კაჭარავა მოედანზე 74-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 2:3 მარცხდებოდა და ქართველ ფორვარდს 2 წუთში შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, ლისაბონელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ დარტყმა ცუდი გამოუვიდა, კარს ააცილა.
სალონიკის პაოკ-ი საკუთარ მოედანზე ნიქოზიის „ომონიასთან“ ქულას გამორჩა (1:1). ქართველი ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია და თანადარიგში დარჩა.
და ბოლოს ბელგიური „გენტი“, რომელსაც კოშმარული სეზონი აქვს და მორიგი მარცხი განიცადა. ვიმ დე დეკერის გუნდი სტუმრად ლიბერეცის „სლოვანთან“ 0:1 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა.