ჭიდაობა

12:47 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირება გრძელდება

ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირება გრძელდება, რამდენიმე წუთის წინ, ფალავანთა კლუბში ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი მივიდა, მაგრამ არცერთი მოჭიდავე ვარჯიშზე არ გამოცხადებულა. მიზეზი ისაა, რომ მოჭიდავეები კვლავ ფედერაციის პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის გადადგომას ითხოვენ.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტყობინება, მოჭიდავეები ამ დროისთვის ჭიდაობის ფედერაციის შენობასთან არიან შეკრებილნი და ლუკა კურტანიძის გადადგომას მოითხოვენ. ისინი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ვარჯიშის განახლებას არ აპირებენ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი აღნიშნავს, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი.

“სანამ სიტუაცია არ დალაგდება და თვითონ ნაკრების წევრები არ განაცხადებენ თანხმობას, გამორიცხულია მე მათთან ვიმუშავო, ან რომელიმე სპორტსმენი დაპირისპირებული იყოს ჩემს მიმართ და მე დარბაზში შევიდე.
თუმცა მგონია, რომ მე არ ვიმსახურებ ამ წლების განმავლობაში, ნაკრების წევრთაგან ჩემს მოწინააღმდეგედ ყოფნას”. – აღნიშნა სხირელმა.

დავით ხუციშვილი (მოჭიდავე): “ჩვენ მოვითხოვთ, რომ გადადგეს ლუკა კურტანიძე და ამის გამო არ ვვარჯიშობთ, რადგან დარბაზში არ არის ერთსულოვნება და სავარჯიშო პირობები. ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს ნუგზარ სხირელთან, რომელთან ერთადაც ახალგაზრდულ ნაკრებში მშვენიერი შედეგი გვქონდა”.

მას შემდეგ, რაც ლუკა კურტანიძემ ნაკრების ახალი მწვრთნელები დანიშნა, სპორტსმენები ვარჯიშზე უარს ამბობენ. მათი განცხადებით, ისინი აპირებენ შეხვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ევროპის თასის გათამაშება გაიმართება, რომელშიც საქართველომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, თუმცა რა შემადგენლობით, ჯერჯერობით უცნობია.

0.125294