დერბი დელა მადონინაში „მილანმა“ „ინტერი“ ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით დაამარცხა და მილანური დერბი 4-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. მატჩის გმირმა, 39 წლის ზლატანმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„დერბიში ძალიან მშიერები ვიყავით, რადგან 4 წელი არ გვქონდა მოგებული. კორონავირუსის შიში? არ მქონია, უბრალოდ ცოტა გემოს შეგრძნება დავკარგე. ტესტებს სამ დღეში ერთხელ ვიკეთებდი და მზად ვიყავი დერბიში კორონავირუსითაც მეთამაშა.
სეზონის დასაწყისია, მაგრამ შესანიშნავად ვმუშაობთ. ლოქდაუნის შემდეგ გავიზარდეთ, მენტალიტეტი განსხვავებულია. მიზანი ევროპაში დაბრუნება და კარგად გამოსვლაა. პირადად მე სხვა მიზნები მაქვს, მაგრამ მე გუნდისთვის ვთამაშობ. სკუდეტო? ჩემი აზრით, ამის შანსი არსებობს, ვისაც სჯერა, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. გვჯერა ამის და ვნახოთ როგორ წარიმართება სეზონი, რომელიც გრძელია.
პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ყველაზე ძლიერი ვარ, თუმცა მე მომწონს ლიდერობა. ჩემი თავით გაოცებული ვარ? არა, ვიცი რისი გაკეთებაც შემიძლია. „გალაქსიში“ იქამდე ვიყავი, სანამ მინო რაიოლამ არ მითხრა, რომ ევროპაში დაბრუნების დრო იყო. ვუთხარი მას, რომ „მილანისთვის“ დაერეკა, რადგან მათ ვჭირდებოდი.
თავს სრულყოფილად ვგრძნობ დიდი გამოცდილებით, 20-30 წლის ასაკის კონდიციები რომ მქონდეს, ვერავინ შემაჩერებდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ვერ მაჩერებენ. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, ვვარჯიშობ და გამოცდილებით ვთამაშობ“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
ზლატანმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა (ორჯერ შეასრულა დუბლი) და ბომბარდირთა დავას ირვინგ ლოსანოსთან ერთად ლიდერობს. „მილანი“ კი 12 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. აღსანიშნავია, რომ „როსონერიმ“ 1995-1996 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოახერხა სეზონის სტარტზე ზედიზედ 4 თამაშის მოგება.