ავტოსპორტი

1:16 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ ძრავების რეგლამენტის გაყინვის წინააღმდეგია

„რედ ბულ რეისინგის“ სურვილს, გაიყინოს ძრავების რეგლამენტი, რათა გუნდმა შეძლოს საკუთარი და ნთესავი „ალფატაურის“ საჭიროებისთვის „ჰონდას“ ძრავების წარმოება და მომსახურება, როგორც ჩანს, ასრულება არ უწერია. ამის მიზეზი ისაა, რომ რეგლამენტის გაყინვას „ფერარი“ ეწინააღმდეგება.

იტალიური გუნდი ძრავების ფრონტზე ჩამორჩა და შესაბამისი რეგლამენტის გაყინვა ნიშნავს, რომ მარანელოელები საკუთარი ხელმოწერით, აუტსაიდერის როლს მოირგებენ. და ასე რამდენიმე სეზონი გაგრძელდება. ეს კი მათ ინტერესებში არანაირად არ შედის.

„მერსედესი“ ძრავების გაყინვაზე თანახმაა. სამქიმიანებს ისედაც ვერავინ სჯობს და ამ სიტუაციის შენარჩუნება, მათაც და მათს კლიენტებსაც აწყობთ. „რენომ“ აშკარად გააუმჯობესა საკუთარი ძალური დანადგარი და ეს მათი გუნდის გამოსვლასაც ეტყობა. მაგრამ ფრანგები ამბობენ, რომ რეგლამენტის გაყინვას დათანხმდებიან, თუ იმ მომენტისთვის, ყველა არსებული აგრეგატის სიმძლავრე მეტნაკლებად გათანაბრდება.

„ჰონდასაც“ სოლიდური პროგრესი აქვს და თუ ძრავების სრულყოფის პროცესი შეწყდა, მისი მემკვიდრე „რედ ბული“ კმაყოფილი დარჩება. ამასთან, იაპონელები აგრეგატის სრულყოფაზე მუშაობას მანამ გააგრძელებენ, სანამ ფ1-ს დატოვებენ.

რაც შეეხება „ფერარის“, გასული სეზონის შემდეგ, მას გაუარესება დაეტყო და იტალიელებს ჰაერივით ესაჭიროებათ განვითარება. თუ ამის საშუალება არ ექნებათ, აუტსაიდერობა არ ასცდებათ. და ეს, „რედ ბულის“ სურვილზე უარის თქმის საბაბია.

„ფერარი“ თვლის, ძალური დანადგარი, სარბოლო ავტომობილის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც შასი და სხვა ელემენტები. ამიტომ, მისი სრულყოფის პროცესის შეჩერება მიუღებელია. ამიტომ ისინი „რედ ბულს“ სთავაზობენ, რომ მათი, ან „რენოს“ ძრავები გამოიყენონ (მერსედესს ლიმიტი შევსებული აქვს).

„რედ ბულს“ არ სურს კლიენტის ძრავით სარგებლობა, რადგან თვლის, რომ ამ შემტხვევაში, კონკურენტებზე დამოკიდებული იქნება. ავსტრიული კომპანია იმუქრება, თუ ძრავების რეგლამენტზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, თავის ორივე გუნდს ჩემპიონატს დაატოვებინებს.

ძრავების რეგლამენტის გაყინვა სხვა მიზეზიტაც შეუძლებლად მოჩანს. მიზეზი ისაა, რომ 2022 წლიდან ფორმულა 1-ში სავალდებულო ხდება 20-პროცენტიანი ბიოსაწვავის გამოყენება. 2023 წლიდან კი საწვავი სრულად განახლებადი წყაროდან უნდა იყოს დამზადებული. ამას კი აგრეგატების, მათი მუშაობის რეჟიმების მოდიფიცირება დასჭირდება...

0.114289