ფეხბურთი

16:46 | 16.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული გამოდგა

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი უახლოესი 6 კვირა ვერ ითამაშებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალის გამოტოვება მოუწევს.

ავსტრიული კლუბის ვებგვერდის ცნობით, კიტეიშვილს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც კუნთის დაზიანება დაადასტურა და სარეაბილიტაციო პერიოდად მინიმუმ თვე-ნახევარი განისაზღვრა.

„ძალიან სამწუხაროა და ბოლო ორი კვირის ყველაზე ცუდი ინფორმაციაა. იმედია, ოთარ მალე მოახერხებს ვარჯიშის დაწყებას“, - აღნიშნა „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა.

კიტეიშვილმა დაზიანება ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის დასაწყისში მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მნიშვნელოვან მატჩებში ფონს გასვლა მის გარეშე მოუწევს. 24 წლის შემტევს ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 4 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.123002