ფეხბურთი

18:30 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "ხვიჩა კვარაცხელია - ეს არის ჩემი ტკივილი!"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვას ისევ განიცდის. როგორც რუსმა სპეციალისტმა განაცხადა, „ლოკომოტივიდან“ ქართველი შემტევის გაშვება მისთვის ყველაზე დიდი ტკივილია.

„ორმა ადამიანმა, გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა, „ლოკომოტივის“ ისეთი ზიანი მიაყენეს, რომლის დათვლა ძნელია. ხვიჩა აქ იყო, თავის ასაკში ყველაზე ნიჭიერი ფეხბუთელი. „ლოკომოტივში“ დარჩენა სურდა, იჯარით გვყავდა და 100%-ით დარწმუნებულები ვიყავით, რომ უნდა გამოგვესყიდა. ახლა ვხედავთ, როგორ თამაშობს და ვფიქრობ, სხვაგან წავა. თუმცა, ფაქტია, „ლოკომოტივმა“ ბევრი დაკარგა. ჯანაშია, ასათიანი, თუ აშვეთია? ხვიჩა! ეს არის ჩემი ტკივილი“, - თქვა სიომინმა ერთ-ერთ რუსულ იუთუბ არხთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივში“ 2019 წლის ზამთარში „რუსთავიდან“ იჯარით გადავიდა. „რკინიგზელთა“ რიგებში მან 10-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. სიომინს მისი გამოსყიდვა ძალიან სურდა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტიც მოუვიდა.

კვარაცხელია 2019 წლის ზაფხულში ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, სადაც ფანტასტიკურად თამაშობს, გასულ სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრაში 2 გოლი, 4 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

0.113117