ფეხბურთი

22:58 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინ კაპაროსი: "საქართველოსგან არაფერი გამკვირვებია, თამაში თანაბარი იყო"

ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის შემდეგ (2:2) მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის აზრით, საქართველო კარგი გუნდია ძლიერი ფეხბურთელებით და ამიტომ, მისთვის ქართველების კარგი თამაში გასაკვირი არ ყოფილა.

„მოედანზე მთლიანობაში თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. შეხვედრა ცუდად არ დაგვიწყია, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტოქეს საგოლე მომენტები ჰქონდა. საქართველო ძალიან კარგი გუნდია და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ, არაფერი გამიკვირდა ამ ნაკრებისგან.

რატომ დავიწყეთ მეორე ტაიმი ცუდად? ფეხბურთში გყავს მეტოქე, რომელიც ზეწოლას ახდენს შენზე, სირთულეებს გიქმნის. მეორე ნახევარში მეტოქემ ნაკლებად შექმნა საგოლე მომენტები, მაგრამ ორჯერ მოახერხა ჩვენი კარის აღება.

ხორენ ბაირამიანი კარგი ფეხბურთელია და თამაშიდან თამაშამდე უმატებს. რა თქმა უნდა, დღეს თავი კარგად წარმოაჩინა. ესტონეთთან მატჩისთვის შემადგენლობაში ცვლილებებს რაც შეეხება, ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები, გადაწყვეტილებას ამის საფუძველზე მივიღებთ“, - თქვა კაპაროსმა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფს საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები 5-5 ქულით ლიდერობენ, სომხეთს 4 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 1. 14 ოქტომბერს, ვლადიმირ ვაისის გუნდი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება და გარდა იმისა, რომ უშუალოდ ამ ჯგუფში უპრინციპულესი მატჩია, ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალისთვის გენერალური რეპეტიციაა.

0.115449