ინგლისის პრემიერლიგაში სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დასახელდა. „ევერტონის“ იტალიელმა დამრიგებელმა იურგენ კლოპს („ლივერპული“), ბრენდან როჯერსს („ლესტერ სიტი“) და დინ სმიტს („ასტონ ვილა’) აჯობა.
ანჩელოტიმ პრემიერლიგაში მეხუთედ მოიპოვა თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო და პირველად 2011 წლის აპრილის შემდეგ. წინა ოთხი პრიზი მან ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობისას მოიპოვა.
„ევერტონმა“ სექტემბერში 3 თამაში ჩაატარა, „ტოტენჰემი“ (1:0), „ვესტ ბრომვიჩი“ (5:2) და „კრისტალ პალასი“ (2:1) დაამარცხა, ხოლო ოქტომბრის დასაწყისში „ბრაიტონსაც“ სძლია (4:2) და პრემიერლიგას უდანაკარგოდ, 12 ქულით ლიდერობს.
აქვე გეტყვით, რომ სექტემბერში პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ასევე „ევერტონის“ ფორვარდი დომინიკ კალვერტ-ლიუინი დასახელდა, ხოლო საუკეთესო გოლის ავტორად ჯეიმს მედისონი, რომელმაც „ლესტერისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩში საოცარი გოლი გაიტანა.