ფეხბურთი

11:03 | 9.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ახალი ოქრიაშვილი და გლადიატორი კანკავა: ფეხბურთელთა შეფასებები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. იქამდე, ვლადიმირ ვაისის გუნდმა ნერვიულობის ფონზე ბელარუსის ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის სწრაფი და ერთადერთი გოლით დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს იდეალური ფეხბურთი ნამდვილად არ უთამაშია, ბევრი ხარვეზი იყო, მაგრამ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი - ბელარუსს ჩვენი კარის ჩარჩოში ზუსტად არ დაურტყამს. საერთოდაც, ბოლო სამ თამაშს თუ ავიღებთ (ესტონეთთან, ჩრდ. მაკედონიასთან, ბელარუსთან), საქართველოს ნაკრების კარში მეტოქეებმა ერთადერთხელ დაარტყეს ზუსტად და ეს ერთი დარტყმა გოლის გაშვებად დაგვიჯდა. როგორც უნდა იყოს, სამ თამაშში, რომ კარში ერთხელ გირტყამენ, ეს კარგი შედეგია. ბელარუსთან მატჩს მივუბრუნდეთ, სადაც მღელვარება ჩვენს გუნდს მატჩის ბოლო წუთებში განსაკუთრებით დაეტყო და რა გასაკვირია, ასეთი დიდი წნეხი და ესოდენ მნიშვნელოვანი მატჩი პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელის კარიერაში პირველი იყო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს და ჩვენი აზრით, საუკეთესო თორნიკე ოქრიაშვილი იყო.

გიორგი ლორია 7 - მართალია, ბელარუსის ნაკრებს კარის ჩარჩოში ზუსტად არ დაურტყამს და შესაბამისად, ლორიასაც ბევრი საქმე არ ჰქონია. ამის მიუხედავად, მან მაღალი შეფასება ცალსახად დაიმსახურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კარი დროულად დატოვა და მეტოქის დარტყმა ფეხით დაბლოკა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო.

ოთარ კაკაბაძე 7.5 - ბრწყინვალედ ითამაშა. მარჯვენა ფლანგზე ბელარუსებს ხვიჩა კვარაცხელია ეყოფოდათ თავის ტკივილად და კაკაბაძე დაემატა. „ტენერიფეს“ ახალწვეული შეტევაში ძალიან აქტიური იყო და არაერთხელ ფანტასტიკურად გაისარჯა. მოპოვებული პენალტის კომბინაციაც სხვათა შორის მან დაიწყო.

ჯემალ ტაბიძე 5.5 - მან ოთარ კაკაბაძე შეცვალა, რომელაც ფეხი იტკინა და დაცვის ცენტრში დაიკავა ადგილი. თამაშში ჩართვა კონცენტრაციის ნაკლებობის გამო გაუჭირდა და ერთ მომენტში ბურთი თავზე გადაფრინდა, რაც ჩვენს კართან უსიამოვნო მომენტით დასრულდა.

გურამ კაშია 6.5 - გურამ კაშია იდეალური ფორმისგან ძალიან შორსაა და ალბათ, მისი კარიერის ოქროს პერიოდიც ჩავლილია, მაგრამ ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. განსაკუთრებული ხარვეზების გარეშე ითამაშა.

სოლომონ კვირკველია 7.5 - დაცვის ცენტრში ლიდერი ის იყო. დასწრებაზე პრაქტიკულად ლაფსუსი არ ჰქონია, როგორც მეორე სართულზე და ბოლო პერიოდში ალბათ პირადი საუკეთესო თამაში ჰქონდა.

ლაშა დვალი 6 - მარცხენა მცველობა მისი პოზიცია არაა. პირველ ტაიმში მართლაც უშეცდომო იყო, მაგრამ მეორე ნახევარში ორჯერ მისი ფლანგიდან მეტოქემ მწვავედ შემოგვიტია. გაცილებით მაღალ შეფასებას მიიღებდა მთლიანობაში ისეთი სტაბილური რომ ყოფილიყო, როგორც შესვენებამდე.

ჯაბა კანკავა 7.5 - გლადიატორია! ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებში ნამდვილი კაპიტანია და მისი ხასიათი ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. ერთ-ერთ ეპიზოდში ისეთი მაგარი და დროული ვარდნა გააკეთა, რომ ნებისმიერს შეშურდებოდა, თანაც ნაკრები დიდ ხიფათს გადაარჩინა.

ნიკა კვეკვესკირი 6 - მას საუკეთესო თამაში არ ჰქონია და არც საუკეთესო ფორმაშია. იყო ეპიზოდურად, ჩვეული, ლაღი და ეფექტური მოქმედებები, მაგრამ მთლიანობაში მისგან მეტს ველით, რადგან შეუძლია.

ხვიჩა კვარაცხელია 7.5 - შესანიშნავად დაიწყო. საწყის 6 წუთში ორი გარღვევა ჰქონდა და ერთ-ერთმა პენალტი, შედეგად გამარჯვების გოლი მოიტანა. ამიტომაც 7.5 ქულა, თორემ ალბათ უფრო დაბალ შეფასებას მიიღებდა. მეორე ნახევარში ჰქონდა პრობლემები, რაც დაღლილობით აიხსნება და რაც მთავარია, ბელარუსი ფეხბურთელები მასზე ნადირობდნენ და ალბათ სხეულის ნაწილი არ დაუტოვეს, რომელიც არ ატკინეს...

საბა ლობჟანიძე შ.გ - ვლადიმირ ვაისმა საბასაც მწირი დრო დაუთმო და მისი თამაშის შეფასებისთვის მსაჯის კომპენსირებული დრო საკმარისი ცხადია, არაა.

ოთარ კიტეიშვილი 5.5 - ოთარს მეტი და მეტი შეუძლია, ეს ნათელია და ეს დაუმტკიცებია. მისი დღე უბრალოდ არ იყო. ნოემბერში ფორმაში მყოფი კიტეიშვილი ნაკრებისთვის ახალი ძალა იქნება.

ვაკო გვილია 6 - ვაკო გვილია თამაშში კარგად ჩაერთო და შესაძლოა მისი სასტარტოში გამწესება უფრო უპრიანიც ყოფილიყო. მეორე ტაიმში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი მას ჰქონდა, მეკარემ აჯობა.

ვაკო ყაზაიშვილი 5.5 - ვაკო ყაზაიშვილი ბოლო დროს კლუბში სათამაშო დროის დეფიციტს განიცდის. ყაზაიშვილი ვლადიმირ ვაისის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა, მაგრამ ალბათ მისი შეცვლა ადრეც შეიძლებოდა.

ლევან შენგელია შ.გ - თურქული „ქონიასფორის“ შემტევმა მცირე დრო დაჰყო მინდორზე და თანაც ყველაზე ნერვული და დაძაბული.

თორნიკე ოქრიაშვილი 8 - საქართველოს ნაკრებში საუკეთესო იყო. არამხოლოდ იმიტომ, რომ გამარჯვების გოლი გაიტანა და პენალტიც მოიპოვა. არა, უბრალოდ ძალიან ბევრი იმუშავა და ახალი ოქრი ვიხილეთ, ე.წ „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე. გატანა კიდევ შეეძლო და თანაგუნდელებსაც მაგრად ეხმარებოდა.

გიორგი ქვილითაია შ.გ - მთლიანობაში მან 7 წუთი ითამაშა და ის, რისთვისაც გამოიყვანეს, ორთაბრძოლების მოსაგებად მეტოქის ნახევარზე, თითქმის ვერ შეძლო.

0.113597