საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ბელარუსთან (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ბრძოლა მოიგეს, მაგრამ ომი წინაა.
„ვულოცავ მთელ საქართველოს გამარჯვებას. ბრძოლა მოვიგეთ, ომი წინ არის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ნაბიჯი, რომელიც გადავდგით. განსაკუთრებით მინდა ეს გამარჯვება მივულოცო იმ 55 ათას გულშემატკივარს, რომელიც აქ უნდა ყოფილიყო და ეს ტრიბუნა გაევსოთ.
თამაშს რაც შეეხება, ძალიან მიჭირს შეფასება, რადგან ემოციები მოზღვავებული გვაქვს და რთულია განიხილო თამაში. ნერვების თამაში გამოვიდა ბოლოსკენ და იმედია გულშემატკივარი გვაპატიებს. თუ ასეთი განწყობით და შემართებით ვიქნებით, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები შეძლებს იმას, რომ გულშემატკივარს ოცნება აუხდინოს. იმედი მაქვს, დიდი გამარჯვებები წინაა“, - თქვა პირველ არხთან საუბარში ნიკა კვეკვესკირმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს სომხეთის ნაკრებს, ხოლო 14 ოქტომბერს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ევრო 2020-ის პლეი-ოფში კი მეტოქე სწორედ ჩრდილოეთ მაკედონია იქნება, 12 ნოემბერს, თბილისში.