საფრანგეთის ღია პირველობას, მისი წინა ორი გათამაშების ფინალისტი, ავსტრიელი დომინიკ თიმი გამოეთიშა. აშშ-ის ღიას ჩემპიონმა, კიდევ ერთ ხუთსეტიან ბრძოლას ვერ გაუძლო და მე-12 ნომრად განთესილ არგენტინელ დიეგო შვარცმანთან 7-6(1) 5-7 6-7(6) 7-6(5) 6-2 წააგო.
შვარცმანის მომდევნო მეტოქე, იტალიელ იანიკ სინერსა და ტურნირის 12-გზის ჩემპიონ რაფაელ ნადალს შორის გამრჯვებული იქნება. სხვათა შორის, არგენტინელმა ახლახანს ნადალს იტალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში მოუგო.
თიმს თავისი წინა 11 შეხვედრა მოგებული ჰქონდა. მათგან 7 აშშ-ის ღია პირველობაზე, რომლის ჩემპიონიც გახდა. მაგრამ ამჯერად შვარცმანი მისთვის გადაულახავ ბარიერად იქცა. ზედიზედ მე-12 შეხვედრაში, რომელთაგან წინა, ტურნირზე უაილდ ქარდით მოთამაშე ფრანგ უგო გასტონთან, ასევე ხუთსეტიანი იყო, ავსტრიელს ძალა აღარ შერჩა.
„რაც ძალა შემრჩა, სრულად დავხარჯე. ეს საოცარი შეხვედრა იყო. მგონი პირველი ჩემს კარიერაში, რომელიც ხუთი საათი გაგრძელდა. დიეგო გამარჯვებას იმსახურებდა“, - განაცხადა თიმმა, ვისაც მეოთხე სეტში მატჩ პოინტი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო. მოგების შემთხვევაში, ავსტრიელი როლან გაროსის ნახევარფინალში, ზედიზედ მეხუთედ ითამაშებდა. ასეთი მიღწევით მხოლოდ ნადალი, როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკვეხნიან.
„საერთო ჯამში, როლან გაროსზე ჩემი გამოსვლით უკმაყოფილო არ ვარ. ვგულისხმობ იმას, რომ წინა ტურნირის შემდეგ იყო დამღლელი ფრენა და მცირე დრო ძალების აღსადგენად. მოვიგე პირველი სლემი, რაც განსაკუთრებული რამაა. ჩამოვედი აქ, ვითამაშე საკმაოდ რთულ პირობებში. არ ვამბობ, რომ ტურნირი ცუდად ჩავატარე. პირიქით, საკმაოდ კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა 27 წლის თიმმა, ვინც ფლეშინგ მედოუსზე, თავის კარიერაში დიდი სლემის პირველი ტიტული მოიპოვა.