ჩოგბურთი

1:54 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ბურთი ისევ მსაჯს მოარტყა

ნოვაკ ჯოკოვიჩს ისევ არ გაუმართლა, უფრო სწორედ, მისი შეხვედრის ხაზის მსაჯს, რომელსაც სერბის მიერ დარტყმული ბურთი თავში მოხვდა. ეს რუს კარენ ხაჩანოვთან შეხვედრის დროს მოხდა. ბედად, ბურთის სიჩქარე არ იყო მაღალი და მსაჯმაც თავისი მოვალეობის გაგრძელება შეძლო.

რაც მთავარია, ჯოკოვიჩი მორიგ სასჯელს გადაურჩა, რადგან ეს თამაშის დროს მომხდარი ინციდენტი იყო და არა ჩოგბურთელის დაუდევრობის შედეგი. მან მეტოქე 6-4 6-3 6-3 დაამარცხა და როლან გაროსის მეოთხედფინლში მეთოთხმეტედ ითამაშებს.

ინციდენტი კი შეხვედრის მერვე გეიმში მოხდა. კაჩანოვის მოწოდება ჯოკოვიჩმა უხეიროდ მოიგერია. ბურთი მისი ჩოგნის ჩარჩოს მოხვდა და იქიდან არეკლილი, მსაჯის თავისკენ გაფრინდა. მსაჯს მხოლოდ შეეშინდა და სერბმაც თამაში გააგრძელა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალში, ესპანელ პაბლო კარენო (ორივე შემთხვევაში, სერბის მეტოქის სახელში კარენ ურევია) ბუსტასთან შეხვედრისას, ქულის დაკარგვით გაწბილებულმა ჯოკოვიჩმა ბურთი ჩოგნის მირტყმით გადააგდო, ის კი ხაზის მსაჯ ქალს თავში მოხვდა. ამ ინციდენტის გამო, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ტურნირიდან გააძევეს.

„ღმერთო ჩემო, ეს რა უხერხული დეჟა ვიუა. მსაჯი უნდა მოვინახულო და მოვიკითხო. ის ადგილი, სადაც ბურთი მოხვდა, გაწითლებული ჰქონდა. იმედი მაქვს, კარგადაა. მე მისგან ახლოს ვიყავი და ბურთი ძლიერად მოხვდა. რაც ნიუ იორკში მოხდა, იმის მერე ახლა ყველა ამ ინციდენტზე ილაპარაკებს. იმ 15 წელიწადში, რაც ტურზე ვარ, ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა. ცუდად არეკლილი ბურთი ხან მაყურებელს ხვდება, ხან ხაზის მსაჯს“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

0.161413