ფეხბურთი

22:00 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნაცნობი და ლოგიკური სურათი: ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურშია

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მეათე ტურის სიმბოლურ ნაკრებშია. Championat-ის ვერსიით, ჩვენებური ტურში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 11-ეულშიც მოუძებნეს ადგილი.

აღნიშნული გამოცემისთვის სიმბოლურ ნაკრებს ყოველი ტურის შემდეგ ცნობილი რუსი სპეციალისტი ვალერი გაზაევი ასახელებს და ხვიჩას თამაში გროზნოს „ახმატთან“ ასე დაახასიათა:

„ახმატთან“ „რუბინის“ გოლი კვარაცხელიამ მარტომ გაიტანა. ფლანგზე ძალიან კარგად თამაშობდა და თამაშს ამწვავებდა“, - წერს გაზაევი.

შეგახსენებთ, ხვიჩამ „ახმატს“ 53-ე წუთზე ფანტასტიკური გოლი გაუტანა, მეტოქეს ბურთი მოპარა, შემდეგ მეორე მოწინააღმდეგე მოატყა და მეკარესაც ადვილად აჯობა. 19 წლის ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 10 შეხვედრაში (რუსეთის პრემიერლიგაში) 2 გოლი გაიტანა, ოთხჯერ თანაგუნდელებს დაეხმარა გატანაში და სამჯერ პენალტი გამოიმუშავა.

0.114055