აშშ-ის ღია პირველობის ახალი ჩემპიონი, ავსტრიელი დომინიკ თიმი მცირე შესვენების შემდეგ, როლან გაროსის კამპანიაში ჩაერთო და უკვე მეოთხედფინალში გავიდა. თუმცა მეოთხე წრეში მას რთული გამოცდის ჩაბარება მოუხდა ფრანგ უგო გასტონთან შეხვედრაში. თიმმა ხუთსეტიანი ბრძოლა 6-4 6-4 5-7 3-6 6-3 მოიგო.
თიმი, ვინც მესამე ნომრად არის განთესილი, საფრანგეთის ღიას ფინალს წინა ორ სეზონში მიღწია, თუმცა ორივეჯერ რაფაელ ნადალთან წააგო. ამჯერად კი მეოთხე წრეში, ლამის 20 წლის ოპონენტთან დამარცხდა, ვისაც პირველი ორი სეტი მოუგო. ავსტრიელს მორიგი გამოცდის ჩაბარება არგენტინელ დიეგო შვარცმანთან მოუწევს და თუ მასაც გაივლის, ნადალთან შეხვედრა ელის (თუ ესპანელი ნახევარფინალში გავა).
„მას შესანიშნავი დარტყმა აქვს, მისი დროპ შოტი კი სხვა პლანეტიდანაა. ბადესთან გასვლამ მგონი ოთხასჯერ მომიწია. თუ ასე თამაშს გააგრძელებს, დიდ მოთამაშედ ჩამოყალიბდება და მაყურებელს ბევრ სიამოვნებას მიანიჭებს. ძალიან გამიმართლა, რომ დღეს მოგება შევძელი“, - განაცხადა თიმმა.
პირველ ორ სეტში, ავსტრიელმა თითო ბრეიკით მიაღწია გამარჯვებას. მაგრამ როგორც თავადვე აღიარა, აშშ-ის ღიამ ბევრი ენერგია წაართვა და მესამე სეტში დაღლა დაეტყო. სწორედ მესამე სეტის დასაწყისში აიღო გასტონმა პირველი ბრეიკი, მაგრამ უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა - თიმმა იქვე ბრეიკით უპასუხა.
ამან ფრანგი ვერ გატეხა. მან სტილის ხშირი ცვლით, თიმს ბევრი პრობლემა შეუქმნა. და ავსტრიელმა ტურნირზე პირველი სეტი დათმო. სხვათა შორის, გასტონმა წინა წრეში როლან გაროსის ყოფილი ჩემპიონი, შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა ხუთ სეტში დაამარცხა და როგორც ჩანს, მისთვის თიმთან შეხვედრაც, ვავრინკასთან შეხვედრის გაგრძელება გახდა. აშკარა იყო ის, რომ ახალგაზრდა ფრანგი, საკუთარი თამაშით დიდ სიამოვნებას ღებულობდა და დაღლაც არ ეტყობოდა. და შეხვედრა ისევ ხუთ სეტზე გაიწელა. საბოლოოდ, თიმმა მსოფლიო რეიტინგში 239-ე ადგილზე მყოფი გასტონის წინსვლა სამ საათსა და 32 წუთში შეაჩერა.