ჩოგბურთი

2:05 | 2.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი იტალიელი როლან გაროსის მესამე წრეში

საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ბადის მესამე წრეში ხუთი იტალიელი ითამაშებს. იანიკ სინერს, ლორენცო სონეგოს, სტეფანო ტრავალიას და ტურნირის 2018 წლის ნახევარფინალისტ მარკო ჩეკინატოს, მეშვიდე ნომრად განთესილი მატეო ბერეტინი შეუერთდა, რომელმაც დღეს 6-4 4-6 6-2 6-3 მოუგო სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს. ეს რეკორდული მაჩვენებელია 1968 წლის შემდეგ, რაც ჩოგბურთი პროფესიონალური სპორტი გახდა.

„ძალიან მიხარია. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ეს დასაწყისია, რადგან ჩვენ ყველანი ახალგაზრდები ვართ“, - განაცხადა 24 წლის ბერეტინიმ, ვისაც მსოფლიო რეიტინგში მერვე საფეხური უკავია. მომდევნო ეტაპზე ის გერმანელ დანიელ ალტმაიერს დაუპირისპირდება, ვინც ტურნირზე თამაშის უფლება, საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვა.

შეხვედრის დასაწყისში, ბეტერინიმ საკუთარ მოწოდებაზე გეიმი წააგო, თუმცა ნერვები მალე მოთოკა და ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით, სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე სეტიც პირველის მსგავსად დაიწყო. ჰარისმა ბრეიკი შეძლო და ამჯერად, ის ბოლომდე შეინარჩუნა. იტალიელმა მას საქმე უამრავი შეცდომით გაუადვილა.

მაგრამ მსოფლიოს 90-ე ჩოგან ჰარისს მეტზე ძალა აღარ ეყო. ბეტერინიც უფრო აგრესიულად ათამაშდა, რამაც მას სასურველი შედეგი მოუტანა. მეოთხე სეტის მეექვსე გეიმში ჰარისმა ორმაგი შეცდომა დაუშვა, რამაც მის მეტოქეს კიდევ ერთი ბრეიკის საშუალება მისცა. ბეტერინიმ შეხვედრა მეორე მატჩ პოინტის რეალიზებით მოიგო.

0.120358