ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საბოლოოდ დაკომპლექტდა და 32-ვე გუნდის ვინაობა ცნობილია. პლეი-ოფი წარმატებით დანიურმა „მიდტიულანდმა“, რუსულმა „კრასნოდარმა“ და ავსტრიულმა „ზალცბურგმა“ დაძლიეს.
„მიდტიულანდმა“ ჩეხეთის ჩემპიონი „სლავია“ დაამარცხა. პრაღული დუელი უგოლოდ დასრულდა, ხოლო დანიაში სტუმრებმა პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში დანიელებმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტეპზე თამაშის უფლება მოიპოვეს - ისტორიაში პირველად.
ნიკა ნინუას პაოკ-მა „კრასნოდართან“ რუსეთში 1:2 წააგო და სალონიკშიც იმავე ანგარიშით დამარცხდა. შედეგად, ბერძნები ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ, ხოლო „კრასნოდარი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ისტორიაში პირველად ითამაშებს. ნინუას რაც შეეხება, მას არ უთამაშია, 90 წუთი სათადარიგო სკამზე მოუწია ყოფნა.
და ბოლოს, „ზალცბურგი“, რომელმაც მოლოდინისამებრ თელ ავივის „მაკაბი“ ადვილად დაამარცხა. ისრაელში 2:1 მოგების შემდეგ „წითელმა ხარმა“ შინ 3:1 იმარჯვა და ზედიზედ მეორედ უწია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის 32 მონაწილედან 4 დებიუტანტია („კრასნოდარი“, „მიდტიულანდი“, „რენი“ და „ბაშაკშეჰირი“) და 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ (5 დებიუტანტი) ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„მიდტიულანდი“ – „სლავია“ 4:1 (0:1)
გოლები: 0:1 ოლაინკა (3), 1:1 კაბა (65), 2:1 შოლცი (84, პენ), 3:1 ონიეკა (88), 4:1 დრეიერი (90)
პაოკ - „კრასნოდარი“ 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 მიხალიდისი (73, ა.გ), 1:1 ელ კადური (77), 1:2 კაბელა (78)
„ზალცბურგი“ – „კრასნოდარი“ 3:1 (2:1)
გოლები: 1:0 დაკა (16), 1:1 კარზევი (30), 2:1 შობოშლაი (45), 3:1 დაკა (68)