როლან გაროსს ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველ ჩოგბურთელს წარუმატებელი პერიოდი აქვს და როგორც ჩანს, ჯერჯერობით ძველებური ფორმის დაბრუნებას ვერ ახერხებს.
ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგის 84-ე ნომერ ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროს გაეჯიბრა და 2 საათსა და 7 წუთში სამ სეტში წააგო - 0:3.
ბასილაშვილმა სამხრეთ ამერიკელ მეტოქეს პირველ-ორ სეტში მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა გაუწია და 5:7, 4:6 დამარცხდა, ხოლო მესამე სეტში ბრძოლაც არ შედგა - 2:6. ბასილაშვილს ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა და ეისი არ გაუკეთებია. სამაგიეროდ, ბრაზილიელს ორმაგი შეცდომა საერთოდ არ დაუშვია და 6-ჯერ ეისიც შეასრულა...
ამრიგად, ბასილაშვილი საფრანგეთის ღია ჩემპიონატს დაემშვიდობა. ნიკოლოზს კორონავირუსის პანდემიის მერე არ მოუგია, მისი წარუმატებელი სერია კი უკვე 8 მატჩამდე გაიზარდა.
ტიაგო მონტეირო - ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:0 (7:5, 6:4, 6:2)